ჰონგ-კონგი

აშშ-ს სენატმა ჰონგ-კონგის გამო ჩინეთის დამსჯელ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ჰონგ-კონგი. 2019 წელი.

აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის ავტონომიის კანონპროექტს. საბოლოოდ მისი მიღების შემთხვევაში იმ პირებს ან კომპანიებს, რომლებიც ჰონგ-კონგისადმი ჩინეთის ერთობლივი დეკლარაციით და საბაზისო კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არღვევენ, ჰონგ-კონგის ავტონომიას პეკინის პოლიტიკის მხარდაჭერით ეწინააღმდეგებიან, სანქციებს დაუწესებენ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს ბანკებისთვის, რომლებიც საქმეს იჭერენ იმათთან, ვისაც წვლილი მიუძღვის ქალაქის ავტონომიის განადგურებაში.

იმისთვის, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიის აქტი კანონად იქცეს მას ჯერ წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცოს. 

დემოკრატმა სენატორმა, კრის ვან ჰოლენმა, თქვა, რომ კანონპროექტი ნათელ მესიჯს გაუგზავნის პეკინს, რომ ჰონგ-კონგის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრას შედეგები მოჰყვება. 

"ეს, შესაძლოა, ჩვენი ბოლო შანსი იყოს, სანამ პეკინი გაანადგურებს ქალაქის დარჩენილ თავისუფლებას," - თქვა სენატში სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯოშ ჰოულიმ.

ამასთან ერთად, სენატმა ჰოულის მიერ წარდგენილი რეზოლუცია მიიღო, რითაც ის ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებს გმობს.

30 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონებით ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას, ფაქტობრივად, დაასრულებს. 27 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კონგრესს აცნობა, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთისგან ავტონომიური აღარ არის.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რის მთავარი მიზეზიც არის ჩინეთის განზრახვა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

გეგმის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა შეძლებს ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერას. ჩინეთის მთავრობა ქალაქში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებსაც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს.

ჩინური მედია წერს, რომ კანონი ჰონგ-კონგის მმართველს მისცემს შესაძლებლობას, თავად აარჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის სასამართლო კვლავ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებს, ჩინეთის უშიშროების ორგანოებს ექნებათ ძალაუფლება, საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ მათ მიერ შერჩეულ საქმეებზე. განსაზღვული არ არის კრიტერიუმები, რომლითაც ეს საქმეები შეირჩევა.

ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგში გამართულ მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგის დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

კომენტარები