გიორგი შაქარაშვილის საქმე

ადვოკატი: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის თქმით, პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა მოზარდზე ფიზიკურად იძალადეს. 

"ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორცილდა ზეწოლა პოლიციისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მოხვდა თავში და ზურგში. პროცესს ესწრებოდა მშობელი, რომელიც ადასტურებს ამ ინფორმაციას". – ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშიერებულ კითხვაზე ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს და დადასტურების შემთხვევაში ამ ქმედებებს მიეცემა შესაბამისი შეფასება. ბორცვაძე ასევე ამბობს, რომ, თუ ფაქტი არ დადასტურდა, განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

"ეს განცხადება, რა თქმა უნდა, საჭიროებს შესწავლას და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა. თუ დადასტურდა რაიმე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ცალსახად, ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა". – თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათ შორის ერთ–ერთი არასრულწლოვანია.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

კომენტარები