საარჩევნო შეთანხმება

გერმანიის ელჩი: რურუა 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის

იმედი

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში ამბობს, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის და გაკვირვებულია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა.

"ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო რვა მარტის შეთანხმების ნაწილი, მათი წარმომადგენლები პარლამენტში მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შეთანხმება რვა მარტს იყო მიღწეული. როგორც ფასილიტატორების ჯგუფმა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება გავავრცელეთ ერთი კვირის წინ, სადაც აბსოლუტურად მკაფიოდ ნათქვამია, რომ ჩვენ ვისურვებდით, ყველა ძალამ დაუჭიროს მხარი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც არის ჩვენი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი.

ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ეს ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის. ოპოზიცია აცხადებს, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება პარლამენტში, უმრავლესობის პარტია იქნება დამნაშავე ამაში, უმრავლესობა კი, რა თქმა უნდა, აცხადებს, რომ თუ ის ჩავარდება, ის ჩავარდება იმიტომ, რომ თქვენ არ მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საქმე არ ეხება დადანაშაულებას, არამედ დამსახურებასა და შექებას. თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება და, ვიმედოვნებ, რომ ეს ასე მოხდება, მაშინ შექებას დაიმსახურებენ ისინი, ვინც მას მხარი დაუჭირა პარლამენტში", - თქვა ჰუბერტ კნირშიმა ჟურნალისტებთან [პირველი არხის თარგმანი].

8 მარტის შეთანხმება აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი დოკუმენტია, რომელიც ორნაწილიანია და გულისხმობს, როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ის, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, არაერთხელ დაადასტურეს საქართველოს სხვა დასავლელმა პარტნიორებმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები II მოსმენით მიღებულია, მესამე, საბოლოო მოსმენა 29 ივნისს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. იმავე დღეს, 11:00 საათზე დანიშნულია გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარე კიდევ ერთხელ აღძრავს მისი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას.

I მოსმენისას კანონპროექტს მმართველ გუნდთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ევროპულმა საქართველომაც დაუჭირა მხარი, II მოსმენის დროს - ბოიკოტი გამოაცხადა. ენმ-ს არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი.

კომენტარები