წულუკიანი შენგელიაზე ოპოზიციას: ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას

საქართველოს მთავრობა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრაქტიკულად არ უპასუხა შეკითხვას, რატომ შეუწყდა გარდაცვლილ ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა. 

წულუკიანმა ოპოზიციის დეპუტატებს, რომლებმაც ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დასვეს, მხოლოდ კანონი შეახსენა, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ასრულებენ. წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ იმავე კანონში ასევე წერია, რომ აკრძალულია ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. 

იუსტიციის მინისტრმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმე არ "გააპოლიტიზირონ" და საზოგადოებას არ აფიქრებინონ, რომ ბაჩანა შენგელია პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის. 

"რადგან პრემიერმინისტრმა სიტყვა მომცა, ჩემთვის ვალდებულებაა, სერიოზულად გაგცეთ პასუხი, უბრალოდ, მაინც ვიტყვი, რომ არც ვიცი, რამდენად აქვს აზრი თქვენთან კანონებზე საუბარს, თქვენთან, რომლის პოლიტიკურ ლიდერად უკვე ცნობილია ბატონი რურუა, რომელსაც დღეს მორიდებით ახსენებთ. აღარ არის ეს ადამიანი ციხეში, თუ რატომ აღარ ახსენებთ? აი, ეს ხართ თქვენ, თქვენი ლიდერი არის რურუა და საუბრობთ რაღაც გაუგებარ თემებზე.

რაც შეეხება ნოტარიუსს, მე მინდა, ყველას შევახსენო, არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ასრულებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებებს, არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივს, ეს არის კანონის ჩანაწერი. 

როდესაც მე აქ წარვდგები თქვენ წინაშე მინისტრის საათის ფორმატში და ეს არჩევნებამდე იქნება, მაშინ ნებისმიერ კონკრეტულ ქეისზე ვისაუბროთ, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია რაიმე ტიპის ნოტარიუსის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში. ამიტომ, იქნებ დაანებოთ ნოტარიუსებს თავს, მათ შორის ამ ადამიანს. 

Covid-19-ისა და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, იქნება ეს, თუ ის, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდა, რომ დაარღვია რომელიმე წესი, დროებით შეუჩერდება ბიუროს სააღსრულებო საქმიანობის უფლება და ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას, ძალიან გთხოვთ, და საზოგადოებას ნუ აფიქრებინებთ, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია. ნუ აფიქრებინებთ ამას საზოგადოებას. ეს არის, რაც მე ამ წუთში შემიძლია ვთქვა და არ მგონია, რომ თქვენ უნდა განგახილინოთ ამ ფორმატში იუსტიციის სამინისტროს რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება, ან რაიმე სახდელის დაკისრება ვინმეზე". – თქვა თეა წულუკიანმა. 

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ბაჩანა შენგელიას თქმით, მას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. 

"მინდა, გაცნობოთ იმ უპრეცენდენტო კანონდარღვევის თაობაზე, რომელიც ჩაიდინა იუსტიციის სამინისტრომ. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა ან პოლიტიკური თანამდებობის პირმა 19 ივნისს, უბრალოდ, აიღეს და ქსელიდან გამომირთეს პროგრამა, რითიც მე ვახორციელებდი სანოტარო მოქმედებას". – თქვა ბაჩანა შენგელიამ. 

კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს მრავალჯერ შესთავაზეს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ გამოაქვეყნა ის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არარსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.

კომენტარები