რუსეთი

რუსეთის ცესკო: ავტომობილის საბარგულში საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი არ ტარდება

25 ივნისს რუსეთში დაიწყორეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.  ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, პუტინი შეძლებს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი და 6 ან 12 წლით დარჩეს ხელისუფლებაში.

რუსეთში სოციალურ ქსელში მომხმარებლები არაერთ ვიდეო- და ფოტომასალას ავრცელებენ და წერენ, რომ რეფერენდუმი იმართება ისეთ უჩვეულო ადგილებში, როგორიცაა ავტომობილის საბარგული, გადაჭრილი ხე, ავტობუსი, ღია სპორტული მოედანი და სხვა.

რუსეთის საარჩევნო კომისიის უფროსმა, ელა პამფილოვამ თქვა, რომ საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებად იყენებს ფარდულს და არა "სკამებს და ავტომობილის საბარგულს".

"არავინ აძლევს ხმას სკამებზე და ავტომობილების საბარგულებში. მხოლოდ ფარდულებია ღია სივრცეში... ღია ცის ქვეშ გამართული ხმის მიცემა დამკვირვებლების მეთვალყურეობით მიმდინარეობს," - ირწმუნება ის. 

საქმე ისაა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო საარჩევნო კომისიას რეკომენდაციები 10 ივნისს წარუდგინეს. დოკუმენტში წერია, რომ, თუ ის ადგილი, სადაც ამომრჩევლები ხმას აძლევენ, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია ღია ცის ქვეშ, საჯარო სივრცეში. მაგალითად, საარჩევნო უბნის გარეთ.

Meduza წერს, რომ ამგვარად, მაგალითად, საარჩევნო უბანთან გადაჭრილი ხის ხმის მისაცემ ადგილად გამოყენება ოფიციალურ რეკომენდაციებს არ არღვევს. 

იხილეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალა:

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, Twitter-ზე აზიარებს ვიდეოს, სადაც მისი თქმით, ვლადივოსტოკის ერთ-ერთი "საარჩევნო უბანი" ავტომობილის საბარგულში მოაწყვეს. 

ნავალნი ასევე ავრცელებს ვიდეოს და წერს, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კარავში ხმის მიცემა ასე გამოიყურება - "როგორც ხედავთ, მკაცრი კონტროლია, გაყალბება შეუძლებელია."

ვრცელდება სურათები, რაზეც წერენ, რომ საარჩევნო უბნად გადაჭრილ ხესაც იყენებენ.

BBC-ს რუსული გამოცემის ჟურნალისტი, ანდრეი ზახაროვი აზიარებს ფოტოს შემდეგი სათაურით - "როცა არ არის მაგიდა, ქვაზე ხმის მიცემა შესაძლებელია".

 

Twitter-ზე ტვერში ნავალნის შტაბის გვერდი ავრცელებს ფოტოს, სადაც მოქალაქეები ავტობუსში აძლევენ ხმას:

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

რუსეთში პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად ინტერნეტში მიმებს აზიარებენ.

კომენტარები