აშშ - ჩინეთი

პომპეო: აშშ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგის გამო სავიზო შეზღუდვებს უწესებს

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: USStateDepartment

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი ჰონგ-კონგის თავისუფლებების შეზღუდვაზე პასუხისმგებელ ჩინელ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. პომპეოს მათი ვინაობა ან რაოდენობა არ დაუსახელებია.

28 ივნისიდან ჩინეთის პარლამენტი სამდღიან შეხვედრას გამართავს და, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონებსაც მიიღებს. ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონებით ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას, ფაქტობრივად, დაასრულებს.

როგორც პომპეომ აღნიშნა, სავიზო შეზღუდვები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ამჟამინდელ და ყოფილ მაღალჩინოსებს ეხებათ, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან ჩართულნი არიან ჰონგ-კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრაში".

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებზე ჩინეთის საპასუხოდ ეს აშშ-ს პირველი ნაბიჯია.

სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ისიც თქვა, რომ, შესაძლოა, შეზღუდვა ამ მაღალჩინოსანთა ნათესავებსაც შეეხოთ.

აშშ-ში ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონის ქმედებაზე განაცხადა, რომ პეკინი ვაშინგტონის "უსამართლო გადაწყვეტილებას" ეწინააღმდეგება.

ჩინეთი აშშ-ს დაჟინებით მოუწოდებს "შეცდომების სასწრაფოდ გამოსწორებისკენ, გადაწყვეტილების უკან წაღებისა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევის შეჩერებისკენ".

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კონგრესს აცნობა, რომ ჩინეთში ჰონგ-კონგი ავტონომიური აღარ არის.

30 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

19 ივნისს, პომპეოს თქმით, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტია ჰონგ-კონგს ექცევა ისე, როგორც ჩინურ ქალაქს, აშშ-ც ასე მოიქცევა.

25 ივნისს აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის ავტონომიის კანონპროექტს. მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში იმ პირებს ან კომპანიებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიას პეკინის პოლიტიკის მხარდაჭერით ეწინააღმდეგებიან, სანქციებს დაუწესებენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ბანკებისთვისაც, რომლებიც საქმეს იჭერენ იმათთან, ვისაც წვლილი მიუძღვის ქალაქის ავტონომიის განადგურებაში.

ამჟამად ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია.

ოფიციალური პეკინის გეგმის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა შეძლებს ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერას.

ჩინეთის მთავრობა ქალაქში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებს. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

ჩინური მედია წერს, რომ კანონი ჰონგ-კონგის მმართველს მისცემს შესაძლებლობას, თავად აარჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის სასამართლო კვლავ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებს, ჩინეთის უშიშროების ორგანოებს ექნებათ ძალაუფლება, საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ მათ მიერ შერჩეულ საქმეებზე.

ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

1997 წლის "ერთი ქვეყანა - ორი სისტემის" შეთანხმებას, ჰონგ-კონგის ავტონომიას და იმ თავისუფლებებს, რაც მას კომუნისტური ჩინეთისგან განასხვავებს, ჩინური საფრთხე ემუქრება. პეკინის ეს ნაბიჯი იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგში გამართულ მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგის დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები