გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურატურა: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს ეტაპობრივად წარედგინებათ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დღეს ეტაპობრივად წარედგინებათ. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. ადვოკატები პოლიციის მთავარ სამმართველოში ეტაპობრივად შედიან.

დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდებას არ ეთანხმებიან და ისინი უშუალოდ დანაშაულის პროცესში ჩართული არ ყოფილან.

"რაიმე დანაშაულში, იქნება ეს ძალადობა თუ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რა თქმა უნდა, ისინი ბრალს არ ადასტურებენ". – ამბობს ბრალდებული მორაგბეების უფლებადამცველი.

კომენტარი გააკეთა დაკავებული ფეხბურთელის, ირაკლი წაქაძის ადვოკატმაც და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტის მხოლოდ პირველ ნაწილში მონაწილეობდა. იგი ასევე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ბრალდებასთან ერთად დღესვე იქნება აღკვეთის ღონისძიების წარდგენაც.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

კომენტარები