ფრენების აღდგენა

NY Times: საქართველო იმ ქვეყნების საბოლოო სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის

0 კომენტარი
ფოტო: Wikipedia.com

New York Times-ის ცნობით, ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატებმა შეადგინეს იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან უხსნის საზღვარს.

სია თვრამეტი ქვეყნისგან შედგება და მათ შორის საქართველოცაა.

გამოცემის თანახმად, სიას ერთხმად დამტკიცება არ დასჭირდება და მას მხარს უჭერს ევროკავშირის ელჩების უმეტესობა. სიას თანხმობა დასჭირდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგანაც.

ამასთან, სიას სამართლებრივი ძალა არ ექნება და უფრო მეტად რეკომენდაციის სახეს მიიღებს. გარდა ამისა, სია ყოველ ორ კვირაში განახლდება. New York Times წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამჟამინდელ სიაში ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

ამერიკული გამოცემის თანახმად, ევროკავშირის წარმომადგენლები მათ ანონიმურად ელაპარაკნენ და სია ოფიციალურად მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.

ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, ანდორა, სან-მარინო, მონაკო, ვატიკანი.

სიაში ჩინეთი იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ თავადაც გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს. Times-ის ცნობით, საზღვრის საპასუხოდ გახსნა ერთ-ერთი კრიტერიუმია იმისათვის, რომ ევროკავშირმა სხვებს გაუხსნას საზღვარი.

აქამდე Euronews-ს ჰქონდა მოპოვებული იმ ქვეყნების სიის სამუშაო ვარიანტი, რომლებსაც ევროკავშირი საზღვარს უხსნის და საქართველო მათ შორისაც შედიოდა.

25 ივნისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საჰაერო გზით შემოსული ევროპელი ტურისტების წილი დარგისთვის მცირეა, რის გამოც "რისკს და ბენეფიტს რომ აწონი თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე [ფრენების აღდგენისგან] თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა".

მოგვიანებით პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ "ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირ მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება". გახარია, სავარაუდოდ, პირველ ივლისს გულისხმობდა. კითხვაზე, როდის იქნება, პრემიერმინისტრმა უპასუხა - "როცა იქნება საჭირო, მაშინ. როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს".

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად: 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები