8 მარტის შეთანხმება

წულუკიანი 8 მარტის შეთანხმებაზე: რიშთან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ უფრო სარწმუნო წყარო ვართ

"ბატონ რიშთან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ უფრო სარწმუნო წყაროები ვართ", - ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 8 მარტის შეთანხმებაზე. 

ჟურნალისტმა იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, თუ რატომ არის გიორგი რურუას სახელი დასავლელი პარტნიორების განცხადებებში, თუ 8 მარტის შეთანხმების დროს მასზე საუბარი, როგორც "ოცნება" ამბობს, არ ყოფილა. 

"ის, ვინც არის უფრო სარწმუნო წყარო... რა თქმა უნდა, არიან ის ელჩები, ვინც ფასილიტაციის ფუნქციას ასრულებდნენ. ასევე, ისინი, ვინც ვიყავით თავიდან მოლაპარაკებებში ჩართული, მათ შორის, მეც და შემდეგ ისინი, ვინც დარჩნენ მოლაპარაკების მაგიდასთან - ბატონი არჩილი და ბატონი ირაკლი კობახიძე ჩვენი მხრიდან და სხვები მეორე მხრიდან. ბატონ რიშთან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ, ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, უფრო სარწმუნო წყაროები ვართ, იმიტომ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიცით, რა შეთანხმდა", - ეუბნება წულუკიანი იმედს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილება. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში. 

შესწორებები ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები