ესპანეთში ვირუსოლოგებმა 2019 წლის მარტის გამდინარე წყლებში კორონავირუსის კვალი იპოვეს

Getty Images

ესპანელმა ვირუსოლოგებმა ახალი კორონავირუსის კვალი იპოვეს ბარსელონის გამდინარე წყლებში, რომლის ნიმუშებიც 2019 წლის მარტში შეგროვდა, 9 თვით ადრე, ვიდრე კორონავირუსის ინფექცია ჩინეთში პირველად დაფიქსირდებოდა. 

თუკი ესპანელი ვირუსოლოგების კვლევა დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის ინფექცია იმაზე გაცილებით ადრე გამოჩნდა, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ. 

ბარსელონის გამდინარე წყლებზე დაკვირვებისას ბარსელონის უნივერსიტეტის გუნდმა გააკეთა დასკვნა, რომ კორონავირუსი ბარსელონაში პირველად დაფიქსირდა 2020 წლის 15 იანვარს, 41 დღით ადრე, ვიდრე ვირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდებოდა. 

შემდეგ მათ ჩაატარეს 2018 წლის იანვრიდან - 2019 წლის დეკემბრამდე აღებული ნიმუშების ტესტირება და დაადგინეს, რომ გამდინარე წყლებში ვირუსის გენომი 2019 წლის 12 მარტს უკვე არსებობდა. 

"მართალია, Covid-19-ის ინფექციის დონე 2019-ის მარტში დაბალი იყო, მაგრამ ის დადებითი აღმოჩნდა", - ამბობს უნივერსიტეტის მკვლევარი ალბერტ ბოში. 

ამასთან დაკავშირებით ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წევრები როიტერსთან ამბობენ, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ ნაადრევია. 

”როდესაც ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა, ყოველთვის საჭიროა მეტი მონაცემი, მეტი კვლევა, მეტი ნიმუში, იმისათვის, რომ ეს დავადასტუროთ  და გამოვრიცხოთ ლაბორატორიული შეცდომა ან მეთოდიკური პრობლემა“, - ამბობს ექიმი ჯოან რეიმონი. 

მისივე თქმით, შეიძლება, ეს არ იყოს ახალი კორონავირუსის ინფექციის ნიმუშები, რადგან ეს ვირუსი ძალიან ჰგავს სხვა ინფექციებს, მაგრამ, როგორც ექიმი, ამბობს, "ეს ნამდვილად საინტერესო და დასაფიქრებელი შემთხვევაა".

კომენტარები