გერმანიის ელჩი

ვოლსკი: გერმანიის ელჩს არანაირი არაობიექტურობა არ გამოუჩენია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოში გერმანიის ელჩს "არაობიექტურობა არ გამოუჩენია". მანვე აღნიშნა, რომ ელჩი გერმანიის სახელმწიფოს წარმოადგენს.

"არანაირი არაობიექტურობა ამ ადამიანს არ გამოუჩენია. ეს არ არის ადამიანი, რომელიც თავის ნებაზე ლაპარაკობს, მის უკან არის სახელმწიფო და ეს სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურად და მძლავრად, პოლიტიკურად, ფინანსურად ეხმარება საქართველოს, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა.

ასე რომ ეს განცხადებები [ჰუბერტ კნირშის კრიტიკა] მე მგონი, შიდა პოლიტიკური გამოყენებისთვის არის საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ავტორიტეტს საკმაოდ ჩრდილს აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩრდილმიყენებული ადამიანები აკეთებენ განცხადებებს". – თქვა ვოლსკიმ.

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ჰუბერტ კნირში თბილისში 2018 წლის სექტემბრიდან ასრულებს მოვალეობას. მანამდე ის ოთხ წელს მოსკოვში, გერმანიის რუსეთის ფედერაციის საელჩოში პოლიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, იქამდე კი გერმანულ სამთავრობო სტრუქტურებში – საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის აპარატში მუშაობდა (სამი წლით, გერჰარდ შრედერის დროს). 

უკანასკნელ ხანებში ჰუბერტ კნირშის განცხადებებმა მისი რეპუტაცია შეარყია. ამათგან უახლესი რვა მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა. მან თქვა, რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი “შეთანხმებაში ნახსენები არ არის”.

ამ ამბამდე ერთი დღით ადრე ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად. საქმე ეხებოდა გაეროსადმი  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა საფუძველსა და ლეგიტიმაციას მისი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად შერჩევისათვის. ჰუბერტ კნირშმა კი წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული".

გარდა ამისა, ჰუბერტ კნირშის აზრით, 2008 წელს საქართველომ რუსეთი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და საბაბი მისცა, ამით ესარგებლა.

ჰუბერტ კნირშის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ - აქ.

კომენტარები