გიორგი რურუას საქმე

რურუას საქმის მოწმე: გამომძიებელმა თვითონ გადაწყვიტა, კამერების რომელი ჩანაწერები წაეღო

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

გიორგი რურუას ადვოკატმა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა, ამასთან, მოსამართლეს მიმართა, გირაოს ოდენობა თავად განსაზღვროს. თუმცა, მოსამართლემ რურუა კვლავ საპატიმროში დატოვა.

მანამდე პროცესზე დაცვის მხარის 2 მოწმეს მოუსმინეს. ერთ-ერთმა, ანზორ დანელიშვილმა პროცესზე თქვა, რომ მან გამომძიებელს წარუდგინა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც რურუას დაკავების ადგილი ჩანს. თუმცა, მისი თქმით, საქმის მასალებში ყველა ჩანაწერი არ არის, ვინაიდან "გამომძიებელმა თვითონ ამოარჩია სასურველი კადრები".

ადვოკატის თქმით კი, მანქანის ჩხრეკის ოქმი ყალბია, ვინაიდან ამ პროცესს გამომძიებელი არ დასწრებია და ოქმი დაკავების ადგილას შედგენილი არ არის.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი საარჩევნო შეთანხმების ნაწილია.

კერძოდ, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, გიორგი რურუა საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ის 2019 წლის 18 ნოემბერს, სირცხვილიას საპროტესტო აქციის დაწყებამდე დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მას შემდეგ რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატმა არაერთხელ დააყენა, თუმცა, უშედეგოდ. სასამართლო და პროკურატურა არც დასავლელი პარტნიორების მოწდებებს ითვალისწინებენ, რომლითაც ისინი რურუას გათავისუფლებას და საარჩევნო შეთანხმების სრულად შესრულებას ითხოვენ.

პარალელურად, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების III მოსმენით კენჭისყრა უნდა გაიმართოს. კანონპრექტი II მოსმენით უკვე მიღებულია. პირველი მოსმენისას მას ევროპული საქართველოს მხარდაჭერაც ჰქონდა – ოპოზიციურმა პარტიამ მმართველ გუნდს მესამე მოსმენამდე რურუას გათავისუფლებისთვის დრო მისცა, თუმცა, ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა. II მოსმენისას ევროპული საქართველოს და ენმ-ის წევრებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. კენჭისყრაში მონაწილებას ისინი არც დღეს მიიღებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები