საარჩევნო სისტემის ცვლილება

ბოკერია საარჩევნო ცვლილებებზე: ძალიან კარგი დღეა, ძალიან კმაყოფილები ვართ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ძალიან კარგი დღეა და მისი პარტია ძალიან კმაყოფილია კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებების ასახვით, რაც იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. 

"მე მგონი, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრიც კმაყოფილია. ისეთ მდგომარეობაში იყო [ბიძინა] ივანიშვილის გუნდი, რომ რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ საკუთარ თავზე გამარჯვებას". – თქვა გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში. 

დეპუტატის შეფასებით, კარგი იქნება არქივიდან იმ კადრების ამოღება, სადაც ქართული ოცნების ლიდერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის "საკითხი დახურულია" და არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემით. 

"კარგია, ეს აჩვენებს საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების ძალას, რომ ასეთ კომიკურ მდგომარეობაში არიან ახლა და ისევ რაღაც აბსურდულ პროპაგანდას მიჰყვეს ხელი". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, მიუხედავად ამ გამარჯვებისა, შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის და არც იქნება, სანამ შეთანხმებაში მოხსენიებული ერთი პოლიტპატიმარიც კი ციხეში იქნება. 

ამ შემთხვევაში გიგა ბოკერია მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას გულისხმობს, რომელიც 29 ივნისს, კენჭისყრამდე 15 წუთით ადრე საქალაქო სასამართლომ კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საპარლამენტო ოპოზიციის, როგორც ევროპული საქართველოს, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია იყო, რომ შეთანხმებას მესამე მოსმენისას მხარს არ დაუჭერდნენ, თუკი იქამდე არ გათავისუფლდებოდა გიორგი რურუა. 

"ახლა ჩვენ საზოგადოებისა და საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და წნეხით, უნდა გავაგრძელოთ [მუშაობა იმაზე], რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში ამ სარისკო ვითარებიდან ქვეყანა დანაკარგის გარეშე გამოვიდეს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

29 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

დღევანდელ კენჭისყრას ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებიან. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია. თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 29 ივნისის სხდომაზეც არ შეუცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლება იყო აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღოს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები