ახლო აღმოსავლეთი

ყასემ სოლეიმანის მკვლელობის ბრალდებით ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების სანქცია გასცა

დონალდ ტრამპი/ყასემ სოლეიმანი

ირანის პროკურატურამ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის ბრალდებით, დონალდ ტრამპის დაპატიმრების სანქცია გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ al jazeera ავრცელებს.

თეირანის მთავარმა პროკურორმა, ალი ალქაშიმერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გარდა საუბარია კიდევ დაახლოებით 30 პირზე, რომელიც სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ალქაშიმერს დონალდ ტრამპის გარდა, სხვა პირების ვინაობა არ დაუკონკრეტებია. 

ალქაშიმერის თქმით, ირანმა ინტერპოლს ტრამპისა და სხვა "ეჭვმიტანილების" წითელ ცირკულარზე დასმის მოთხოვნით მიმართა.

ირანული მედიის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე პირებს ტერორიზმისა და მკვლელობის მომზადების ბრალდებებს წაუყენებენ. საფრანგეთში, ლიონში ბაზირებულ ინტერპოლს ირანის მოთხოვნაზე ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ჰქონია, თეირანის პროკურორი აცხადებს, რომ ირანი მომავალშიც გააგრძელებს კამპანიას დონალდ ტრამპის დასჯის მოთხოვნით, მათ შორის, მისი პრეზიდენტობის დასრულების შემდეგაც. 

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტური ქვედანაყოფის ყუდსის მეთაური, ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის მახლობლად 3 იანვარს მოკლეს. უფრო მეტი ყასემ სოლეიმანის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები