ევროპული საქართველო

ბოკერია გახარიაზე: ეს არის იარლიყი ავტორიტარული, ისტერიკაში მყოფი პოლიტიკური არარაობების

საქართველოს პარლამენტი

"ეს არის იარლიყი ავტორიტარული, ისტერიკაში მყოფი პოლიტიკური არარაობების". – ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ გახარიას ნათქვამზე დასმულ შეკითხვას. 

გიორგი გახარიამ თქვა, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში "ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ". 

კითხვაზე, თვლის, თუ არა გიგა ბოკერია, რომ პარლამენტში ქვეყნის მტრები არიან, დეპუტატი პასუხობს, რომ მისი აზრით, ქვეყანას მტრობას უწევს ყველა, ვინც ღიად ქმნის ქვეყანაში იმ ვითარებას, რომელსაც გარე მტერი იყენებს. 

"დაპირისპირების, სიძულვილის, საზოგადოების უგულებელყოფის, ოპონენტების მტრებად გამოცხადების და ამ საქმეს დღეს აკეთებს [ბიძინა] ივანიშვილის გუნდი". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, მას არ უყვარს ბრალდებები, რომ ვიღაც ჯაშუშია და, ქართული საზოგადოების მსგავსად, შედეგი აინტერესებს. 

"ივანიშვილისა და მისი არარაობების პოლიტიკური მმართველობის შედეგი არის ქვეყნის დასუსტება, ქვეყნის შიგნით დაპირისპირება და ძალადობა, საერთაშორისო ასპრაზზე საქართველოს საკითხის უკანა პლანზე გადაწევა, ხმის ვერამოღება, რომ მტერს ფასად დაუსვა შენი მოქალაქეების მკვლელობა". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატის თქმით, ყველა ეს კითხვა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში მოსმენის დროს დაუსვა გიორგი გახარიას და რაც მისგან მიიღეს, იყო "სამარცხვინო მცდელობა ძველბიჭური საუბრის". 

"ამას ქართული საზოგადოება წყვეტს, ვინ ვინ არის, მაგრამ ყველა მთავრობა, რომელიც ასე აყენებს საკითხს, რომ მე ვიღაცებს არ შევუშვებ პარლამენტში, განწირულია და ეს არის იარლიყი ავტორიტარული, ისტერიკაში მყოფი პოლიტიკური ფიგურების, ან პოლიტიკური არარაობების, უფრო ზუსტი რომ ვიყო". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. გახარიამ თქვა, რომ ერთადერთი, რაც მათ [ხელისუფლებას] და პირადად მას ამოძრავებს ისაა, რომ "საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ". 

კომენტარები