გიორგი შაქარაშვილის საქმე

ბრალდებულების ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს პრობლემის ინტელექტუალური გადაჭრა უნდოდათ

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულების ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან – მათი ერთადერთი მიზანი არსებული პრობლემის ინტელექტუალურად გადაჭრა იყო და არა – ძალადობით.

როგორც კობაიძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, ამას ადასტურებს ის, რომ შაქარაშვილის მეგობარი, გური ამირხანაშვილი ბრალდებულებმა მანქანაში ჩაისვეს.

"ჩვენი მიზანი თუ იყო ცემა, ძალადობა, ჩვენი მიზანი თუ იყო ვიღაცის ცხვირ-პირის დალეწვა, მაშინ ამირხანაშვილს არც ცხვირ-პირი ექნებოდა სახეზე. ამიტომ ვამბობ, რომ მათი განზრახვა არ ყოფილა რამე ფორმით ძალადობა, ეს საქმის მასალებით დასტურდება". – ამბობს კობაიძე.

ჟურნალისტმა ადვოკატს რკინის ხელჯოხი შეახსენა, რომელიც ერთ-ერთმა ბრალდებულებმა, ნ.ჟ-მ დაზარალებულებს და დაღუპულს ურტყა.

"თქვენი აზრით, რკინის ხელჯოხი მოლაპარაკების იარაღია"? – იკითხა ეკა მიშველაძემ, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ხელჯოხი არ გამოუყენებიათ.

"ტოიოტა ქამრიში არ მჯდარა პიროვნება, რომელსაც რკინის ხელჯოხი ექნებოდა ან თუნდაც ერთი ხელი აქვს გაქნეული. რა გამოდის – მართლები ვართ, ჩვენ არავისზე გვიძალადია. სად ჩანს ძალადობა. ვხვდებით იმ ადამიანებს, ვისზეც, თითქოს უნდა ვიძალადოთ და მერე არ ვძალადობთ, პირიქით, ვეხმარებით, რომ სიბნელეში ეს ადამიანი მცხეთიდან თბილისის მიმართულებით წამოვიდეს. ჩამოვსვით სახლში დავემშვიდობეთ, გავუშვით, სად ჩანს აქ ძალადობა".

რაც შეეხება შაქარაშვილის სხვა მეგობრების ჩვენებებს, რომელთა შინაარსიც გავრცელდა, ერთ-ერთი მათგანი, ვახტანგ ახვლედიანი ყვება, რომ მას დაზიანებები მიაყენეს და მას და შაქარაშვილს გაეკიდნენ. კობაიძე ამასაც უარყოფს.

"ეს ბატონი არ საუბრობს იმაზე, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ყველა ადამიანი, რომელიც გაიქცა, გაიქცნენ და მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა, ვისთანაც შედგა კომუნიკაცია, არ გვიცემია, არც დაგვილეწია, მოვკიდეთ ხელი, წყნარად, ლამაზად ჩავისვით მანქანაში, მოვკიდეთ ხელი და წამოვიყვანეთ თბილისში. ჩვენი გაზრახვა კეთილი იყო, ბოროტი განზრახვა არ ყოფილა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ასაკით უფროსები არიან. ისინი მივიდნენ ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის. მივიდნენ სიტუაციაში გასარკვევად, ამ დროს ისინი გარბოდნენ. არ ჰქონდათ უფლება ეთქვათ, მოდით, სად გარბიხართ. მივიდნენ, რომ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ და მოხდა ასეთი შემზარავი ფაქტი". –ამბობს ადვოკატი.

კობაიძის თქმით, პროკურატურა მთავრობასთან თანამშრომლობს – ვინაიდან მათ არ სურდათ, შაქარაშვილის საქმე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეს დამსგავსებოდა, 17 ადამიანს ბრალი ამიტომაც წარუდგინა, თუმცა, ბრალეულობა არ დასტურდება და საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ ყველა მათგანი დამნაშავეა. ადვოკატი იმაზეც აპელირებს, რომ გამოძიება მკვლელობის მუხლით არ მიმდინარეობს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმე - პროკურატურის (ოფიციალური) ვერსია

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, მცხეთაში, საცხოვრებელ სახლში, სადაც გარდაცვლილი წვეულებაზე იმყოფებოდა, სამმა პირმა, ს. გ-მ ი. წ-სთან და ს. ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ხ-ს და ვ. ჩ-ს, რომლებმაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

დაპირისპირების შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გ. მ-მ ვ. ჩ-სთან, ნ. ც-სთან და გ. ტ-სთან ერთად მოწინააღმდეგეებზე შურისძიების მიზნით დამატებითი პირების მობილიზება გადაწყვიტეს. ვ. ჩ. და გ. ტ. თანმხლებებთან ერთად თავიანთი მანქანებით თბილისში წავიდნენ, გ. მ. და ლ. შ. კი ადგილზე დარჩნენ და მათ ინფორმაციას აწოდებდნენ, თუ სად იყვნენ შაქარაშვილი და მისი მეგობრები.
 

"თავის მხრივ ნ. ც-მ, ვ. ჩ-მ და გ. ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ. მ-ს, ა. გ-ს, ნ. რ-ს და ნ. ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ. ჩ-ს „TOYOTA CAMRY”-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ. მ. გადანაწილდნენ თავად ვ. ჩ, ვ. მ, ა. ქ, ზ. ხ, ა. გ. და ნ. რ., ხოლო გ. ტ. ავტომობილში – თავად გ. ტ. ნ. ც. ნ. ქ. თ. ბ. ი. მ. და ნ. ჟ. რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით. აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ. მ. და ლ. შ., რომლებიც, თავის მხრივ, აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე". – წერია განცხადებაში.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, 00:45 საათზე, გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობრებს, გ. ა.-ს, გ. ქ.-ს, ვ. ა.-ს, ი. ბ.-ს და კ. ღ.-ს თავს დაესხნენ ნ. ც. გ. ტ. ნ. ქ. თ. ბ. ი. მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ. ჟ. რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ. მ. და ლ. შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ. ქ.-ს, კ. ღ.-ს და ვ. ა.-ს, რა დროსაც კ. ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი. ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ. ა. და ვ. ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

პროკურატურის ცნობით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელები წავიდნენ, გიორგი შაქარაშვილი, გ. ა. და ვ. ა. დაბრუნდნენ და ნაცემ მეგობარს, გ. ქ-ს დაეხმარნენ. ისინი თბილისში დაბრუნებას ცდილობდნენ. ამ დროს, დაახლოებით, 00:50 საათზე, მათ თავს მეორედ დაესხნენ.

"ვ. ჩ. ვ. მ. ა. ქ. ზ. ხ. ა. გ. და ნ. რ. რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ. ა.-ს, გ. ქ.-ს და ვ. ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ. ა. გ. ქ. და ვ. ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ. ა. ვ. ა. და გ. ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ვ. მ.-მ, ვ. ჩ.-მ, ა. ქ.-მ, ზ. ხ.-მ, ა. გ.-მ და ნ. რ.-მ მიმალულების ძებნა დაიწყეს და ბუჩქებში დამალული გ. ა. იპოვეს, ის ძალით ჩასვეს მანქანაში, თბილისში წაიყვანეს, სადაც ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურთან.

"მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს. გ., ი. წ. და ს. ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ. ხ-ს და ვ. ჩ-ს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ. მ. ლ. შ. ნ. ც. გ. ტ. ნ. ქ. თ. ბ. ი. მ. ვ. ჩ. ვ. მ. ა. ქ. ზ. ხ. ა. გ. ნ. რ. და ნ. ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ. ა.-ს, გ. ქ.-ს, ვ. ა.-ს, ი. ბ.-ს და კ. ღ.-ს, რა დროსაც კ. ღ-ზე, გ. ქ.-ზე და ვ. ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ. ღ-ს, გ. ქ.-ს და ვ. ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ. ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები". – წერია განცხადებაში.

პროკურატურის მიერ გავცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიების დაწყების დღიდან 750-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა – გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება, ამოიღეს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის ტელეფონი და მათი ტანსაცმელი, ჩაატარეს 40-მდე ადამიანის სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა. საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ასევე, 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, საექსპერტო კვლევისათვის აიღეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში.

"ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენა არის უპირველესი ამოცანა, რა მიზნითაც, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე, სხვა რიგი გარემოებები, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად". – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

კომენტარები