ზელიმხან ხანგოშვილის საქმე

კანდელაკი გახარიას ხანგოშვილზე: საზოგადოების უკმაყოფილების საგანი არის თქვენი დუმილი

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება. 

კანდელაკის შეფასებით, საზოგადოების უკმაყოფილების საგანს ის კი არ წარმოადგენს, ჰქონდა თუ არა საქართველოს მთავრობას გერმანიის მთავრობასთან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, არამედ ის, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარი მოქალაქის მკვლელობაზე არაფერს ამბობს. 

"მაშინ, როცა ზელიმხან ხანგოშვილის, საქართველოს წინაშე ასეთი დამსახურებული პიროვნების, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრობს გერმანიის კანცლერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა გერმანია აძევებს რუს დიპლომატს, ზელიმხან ხანგოშვილის საკუთარი მთავრობა არ თვლის საჭიროდ, რომ ამ დანაშაულზე თქვას რამე მაინც". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

დეპუტატის ცნობით, ბუნებაში არ არსებობს არც მისი და არც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადება, სადაც ისინი რაიმე სახის შეფასებას მისცემდნენ საქართველოს მოქალაქის ამ მკვლელობას, რომელშიც გერმანიის ფედერალური პროკურატურა და მთავრობა ღიად ადანაშაულებს რუსეთის ფედერაციას. 

"რა თქმა უნდა, საზოგადოების უკმაყოფილების საგანი ასევე არის 2015 წელს თბილისში მომხდარი თავდასხმის დემონსტრაციული და თავხედური არგამოძიება, როცა, უდიდესი ალბათობით, და ამის შესახებ არსებობს ანგარიშებიც, საქართველოს ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილზე თავდამსხმელებს შესაძლებლობა მისცა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაეტოვებინათ ქვეყანა". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის თქმით, თავდამსხმელები, დიდი ალბათობით, რუსეთის ფედერაციიდან იყვნენ შემოსულები. 

"აი, ამ დანაშაულის ჩადენით, იმიტომ, რომ ასეთი დანაშაულის დაფარვა საკუთრივ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც, დიდი ალბათობით, მთავრობამ ჩაიდინა და რაც აუცილებლად იქნება გამოძიებული, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ძალიან სახიფათო სიგნალი რუსეთის ხელისუფლებას, რომ იგი არ დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს და რომ იმ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, რომლებიც ეთანამშრომლებიან ჩვენს უსაფრთხოების სტრუქტურებს, ისლამური ექსტრემიზმის და ასევე, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ეს ფასეულობა არ არის". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

დეპუტატის შეფასებით, სხვა შემთხვევაში, დანაშაულს გამოიძიებდნენ, თავდამსხმელებს დააკავებდნენ, შესაბამისად, არც ხანგოშვილს მოუწევდა ქვეყნის დატოვება და იქნებოდა ცოცხალი. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ამბობს, რომ ისინი თანამშრომლობდნენ გერმანულ მხარესთან მთელი ამ გამოძიების განმავლობაში. 

"გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე, მაგრამ სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ. ეს პოზიცია ჩვენ გვაქვს იმიტომ, რომ ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში თავის პარტნიორებთან ერთად". – თქვა პრემიერმა. 

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს კი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

18 მაისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის, ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. განცხადებაში საქართველოს მთავრობა პრორუსულადაა მოხსენიებული.

"მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ". – წერია განცხადებაში.

გერმანულმა მხარემ რამდენჯერმე მიმართა რუსეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით საპასუხო ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები