პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

Mtavari tv

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს

ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყნის სტაბილურობა კიდევ უფრო გამყარდა და ეს დემოკრატიისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. 

"დღეს ისტორიული დღე არის. მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას. პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს, რამეთუ ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, ჩვენი დემოკრატიისკენ, ჩვენი სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი". – ამბობს პრეზიდენტი. 

მისივე თქმით, მან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ ეს რომელიმე შეთანხმებაში ეწერა, არამედ იმის გამო, რომ ეს ქვეყნის სტაბილურობას ემსახურებოდა. 

"მე ვთვლი, ჩემს თავს პასუხისმგებლად კონსტიტუციით და მორალურად, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღემდე. 

ამისთვის გადავდგი მე თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ მიმიღია მონაწილეობა და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას და დღეს გამყარდა ეს სტაბილურობა". –ამბობს პრეზიდენტი. 

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმატებები პანდემიის დროს და მათი დღევანდელი სტაბილურობა "შეიძლება ბევრს არ აწყობდეს". 

"მე მჯერა რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭირვალე სამართლიან არჩევნებს. პანდემიაც ვერ შეგვიშლის ამაში ხელს". – ამბობს ზურაბიშვილი. 

დღეს, 29 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

დღევანდელ კენჭისყრას ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებიან. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია. თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 29 ივნისის სხდომაზეც არ შეუცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი. 

საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლება იყო აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებდა.

კომენტარები