კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 49 წლის კაცი, რომელმაც კახეთში ერთი ახალგაზრდა მოკლა, მეორე - მძიმედ დაჭრა

flickr

სამართალდამცველებმა ერთი ადამიანის მკვლელობისა და კიდევ ერთის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კახეთში კაცი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 1971 წელს დაბადებულ დ. ნ-ს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა. მ.-ს და 1990 წელს დაბადებულ შ. მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ა. მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შ. მ. გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა". –აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ
მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

კომენტარები