იპოდრომი

აბესაძე: ივანიშვილმა იპოდრომი ერთი კუთვნილი კომპანიიდან მეორე კუთვნილ კომპანიას მიყიდა

droanews.ge

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა იპოდრომი თავისი კუთვნილი შპს "ინვესტ კაპიტალით" გაყიდა და თავისივე ფონდი "ქართუთი" შეისყიდა. აბესაძე ამის შესახებ Facebook-ზე წერს. 


ფოტო: https://www.facebook.com/irakli.abesadze

"იპოდრომის აღორძინება უნდა და ძველი კომპანია ვერ იზამდა? ფული გაათეთრა? საარჩევნოდ ფულის მობილიზება გააკეთა? ფონდ ქართუს მიწის საყიდლად ფული თვითონ მისცა, ოფშორულმა კომპანიამ, თუ სხვამ? მოკლედ კითხვა ბევრია", - წერს აბესაძე. 

აბესაძემ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ ივანიშვილის ეს ქმედება წინასაარჩევნო პერიოდში უამრავ კითხვას ბადებს. მისი განმარტებით, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს წინასაარჩევნო უკანონო ქმედებას ან ფულის გათეთრებას. 

აბესაძის თქმით, საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" ვალდებულია, მაღალი გამჭირვალობით ხასიათდებოდეს და საჯარო გახადოს მისი ანგარიშები. 

"რა თქმა უნდა, კერძო კომპანიას აქვს უფლება, რაც უნდა ის შეისყიდოს, მაგრამ როცა ეს ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და როცა საქმე ეხება 60 მილიონს, ეს უამრავ კითხვას ბადებს. რაში დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს თავისი კომპანიიდან გაეყიდა და თავისივე კომპანიით შეესყიდა? ჩნდება ეჭვი, რომ ეს უკავშირდება წინასაარჩევნო უკანონო ქმედებას, ასევე ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ფულის გათეთრებას", - ამბობს აბესაძე. 

მისივე თქმით, ფონდი ქართუს ანგარიშებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა, თუმცა ხელმისაწვდომი არ არის. აბესაძის თქმით, მან უკვე გამოითხოვა ფონდი "ქართუდან" ტრანზაქციებთან დაკავშირებული დოკუმენტი. 

"შეიძლება გვიპასუხონ, რომ ეს დასჭირდა იპოდრომის აღორძინებას ან რაიმეს გაშენებას იპოდრომის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ არ იყო ეს შესაძლებელი იგივე კომპანიით? რაში დასჭირდათ ამ 60 მილიონის "გაცოცხლება"? მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რაში გამოიყენებს ბიზნესმენი ამ თანხას. წინასაარჩევნო პერიოდია და მედიაც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა ეცადონ, რომ დეტალური მონიტორინგი ჩაატარონ საეჭვო ტრანზაქციებთან დაკავშირებით", - ამბობს აბესაძე. 

კომენტარები