ახალი ვირუსი

კვლევა: ჩინეთში ღორებში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის პოტენციალი აქვს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჩინეთში მკვლევრებმა ღორებში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს – ამის შესახებ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში PNAS-ში დაიწერა.

ახალ ვირუსს G4 EA H1N1 ჰქვია. ის წარმოიშვა 2009 წელს გავრცელებული ღორის გრიპისგან, თუმცა მათ შორის განსხვავებები შეინიშნება.

ის ფლობს "ყველა მნიშვნელოვან ნიშანს, რომელსაც შეუძლია ადამიანის დაინფიცირება". – წერენ კვლევის ავტორები, მეცნიერები ჩინეთის უნივერსიტეტებიდან და ჩინეთის დაავადებათა და კონტროლის ცენტრიდან.

2011 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, მეცნიერებმა ჩინეთის 10 პროვინციაში არსებული სასაკლაოებიდან 30 000 ღორის ცხვირის ნაცხის ნიმუშები აიღეს. ამ ნიმუშებში მათ ღორის ვირუსები აღმოაჩინეს, რომელთაგან უმეტესი ახალი იყო და ღორებში მასობრივად 2016 წლიდან შეინიშნებოდა.

ამის შემდეგ მკვლევრებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს ქრცვინებზე, რადგან მათ ვირუსის იმგვარივე სიმპტომები უვლინდებათ, როგორც ადამიანებს.

აღმოჩნდა, რომ G4-ს დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი აქვს, ადამიანის უჯრედში რეპლიკაცია შეუძლია და ქრცვინებში უფრო სერიოზულ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე სხვა ვირუსები. ამ კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ იმუნიტეტი, რომელსაც ადამიანები სეზონური გრიპების დროს იძენენ, G4-ის წინაშე უძლურია.

მკვლევრებმა ანტისხეულების ტესტირებაც ჩაატარეს, რამაც აჩვენა, რომ სასაკლაოებში დასაქმებულთა 10.4%-ს G4-ის ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

გამოდის, რომ ვირუსს ცხოველიდან ადამიანზე გადასვლა შეუძლია, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

კვლევის ავტორები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რომ კარგად დააკვირდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ღორებთან ყოველდღიური შეხება აქვთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები