გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი: გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდნენ

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირში ამბობს, რომ ის გაკვირვებულია კომენტარებით, რომელსაც მის მიმართ აკეთებდნენ. 29 ივნისს, ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ელჩმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, "როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ".

გერმანიის ელჩის კომენტარს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:  

" გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით, რომელსაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი, ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემ შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს". – ამბობს კნირში

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის გამონათქვამები ქართულ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით საკამათო ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდეგ, რაც ჰუბერტ კნირშმა თქვა, რომ რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ განცხადებამ “საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ ტყუილსა და მანიპულაციებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ბოკერიას პარტია და მიხეილ სააკაშვილი”. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, კნირში “თარგმანში დაკარგულს ჰგავს” და უთანაგრძნობს “ამ გაუგებრობისა და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია”.

გარდა ამისა, გერმანიის ელჩის აზრით, 2008 წელს საქართველომ რუსეთი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და საბაბი მისცა, ამით ესარგებლა.

იქამდე კი ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად. საქმე ეხებოდა გაეროსადმი  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას. ჰუბერტ კნირშმა კი წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული".

29 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც განმარტეს, რომ სოფო კილაძეს პერსონალურად კი არ ესხმიან თავს, არამედ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას აფასებენ. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და ამავდროულად, მოვალეობაცაა. NGO-ების შეფასებით, ის, რომ გერმანიის ელჩი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას.

29 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გაავრცელა განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის მიმართ "ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით". როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გმობს "გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, წინააღმდეგ".

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები