ეკონომიკა

მაისში ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

მაისში მშპ 13.5%-ით შემცირდა, ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. ამგვარად ეს კლების ზედიზედ მესამე თვეა. 

საქსტატის ინფორმაციით, კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა ძირითად სექტორში. წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი 5.4%-ია. იანვარ-მაისში 16%-ით შემცირდა ექსპორტის მოცულობა, 17.1%-ით – იმპორტი.

33%-ით შემცირდა ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა და 3 184 შეადგინა. 22%-ით შემცირდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა.

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 4,8%-დან 5,5%-მდე შემცირდეს. ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სომხეთის ეკონომიკა შესაძლოა 2.8%-ით შემცირდეს, აზერბაიჯანის კი − 2.6%-ით.

ყველაზე ოპტიმისტური სცენარითაც კი საქართველოს ეკონომიკას ბოლო ათწლეულში ყველაზე მასშტაბური ვარდნა ელოდება. ბოლოს საქართველოს ეკონომიკა 2009 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისისა და რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, 3,8%-ით შემცირდა.  

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები მოვლენათა განვითარების ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს დაეყრდნო და განახლებულ ბიუჯეტში კლების პროგნოზად 4% განისაზღვრა.

კომენტარები