გერმანიის ელჩი

საგარეო ელჩზე: ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას

Commersant.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს და აცხადებს, რომ "ჰუბერტ კნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას".

მათივე თქმით, "ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა".

"ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობისა და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა. გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და ყოველწლიურად მყარდება ჩვენი ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიც არის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია". – წერია განცხადებაში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ელჩის წინააღმდეგ "მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას".

მათივე თქმით, უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის "უპასუხისმგებლო ქმედებები, რაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არის დიპლომატიური კორპუსის მისამართით".

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის გამონათქვამები ქართულ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით საკამათო ბოლო პერიოდში გახდა. მას შემდეგ, რაც ჰუბერტ კნირშმა თქვა, რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ განცხადებამ “საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ ტყუილს და მანიპულაციებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ბოკერიას პარტია და მიხეილ სააკაშვილი”. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, კნირში “თარგმანში დაკარგულს ჰგავს” და თანაუგრძნობს “ამ გაუგებრობისა და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია”.

გარდა ამისა, გერმანიის ელჩის აზრით, 2008 წელს საქართველომ რუსეთი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და საბაბი მისცა ამით ესარგებლა.

იქამდე კი ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად. საქმე ეხებოდა გაეროსადმი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას. ჰუბერტ კნირშმა კი წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული".

 

29 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი განცხადება გამოაქვეყნეს,

რომელშიც განმარტეს, რომ სოფო კილაძეს პერსონალურად კი არ ესხმიან თავს, არამედ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფას აფასებენ. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ნაწილი და, ამავდროულად, მოვალეობაცაა. NGO-ების შეფასებით, ის, რომ გერმანიის ელჩი სამოქალაქო სექტორის კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას.

29 ივნისს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გაავრცელა განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის შესახებ "ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით". როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გმობს "გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის წინააღმდეგ".

 

კომენტარები