აშშ

აშშ-მ რუსეთსა და ჩინეთში ექსპორტის წესები გაამკაცრა

აშშ-მ კიდევ ერთხელ გაამკაცრა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, ვენესუელასა და ჩინეთში. ახალი წესების მიხედვით, ამერიკული წარმოების კომპიუტერებისა, თუ სხვადასხვა სახის ელექტროგამტარი მასალების ექსპორტისთვის სპეციალური ლიცენზია იქნება საჭირო.

ლიცენზია იქნება საჭირო იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პროდუქცია სამოქალაქო სარგებლობისთვის არის განკუთვნილი. ექსპორტის გამკაცრების გადაწყვეტილება აშშ-ს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ აპრილში მიიღო, თუმცა წესი 29 ივნისიდან ამოქმედდა.  

ახალი წესები მაქსიმალურად ართულებს ამერიკული წარმოების მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს ჩამოთვლილ ქვეყნებში.

ამ წესების ამოქმედებამდე სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტისთვის ლიცენზია არ იყო საჭირო, თუ ის სამოქალაქო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. შესწორება ამ გამონაკლისს ფარავს და ექსპორტის ლიცენზია სავალდებულო იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამოქალაქო სარგებლობაზეა საუბარი. 

გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-ში რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან სამოქალაქო და სამხედრო ტექნოლოგიების ინტეგრირებას ასახელებენ. ხშირად აშშ-დან ექსპორტირებული სხვადასხვა პროდუქცია საბოლოოდ ამ ქვეყნების მხრიდან სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. 

გამკაცრებული წესები ეხება ელექტოგამტარ მასალებს, კომპიუტერებს, რადიოლოკაციურ და საკომუნიკაციო მოწყობილობებს, თვითმფრინავის ძრავების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს. 

შესწორების მეორე წესი აფართოებს "სამხედრო გამოყენების" ცნებას და მინიმუმამდე ამცირებს რუსეთისა და ჩინეთის შანსებს, შეიძინოს ამერიკული ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა.   

 

კომენტარები