სამართლიანი არჩევნები

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე გახდა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. მას შემდეგ, რაც მიხეილ ბენიძეს ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული ვადა ამოეწურა, ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ელენე ნიჟარაძე აირჩია.

ელენე ნიჟარაძეს სამართლიან არჩევნებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან დღემდე ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო და საკანონმდებლო რეფორმებისა და პოლიტიკის კვლევის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ნიჟარაძე კოორდინირებას უწევდა საარჩევნო რეფორმების, საარჩევნო სიების მონიტორინგისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ISFED-ის პროექტებს და ორგანიზაციის სახელით ჩართული იყო საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკონსტიტუციო რეფორმებში. სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში ნიჟარაძე სპეციალიზებული იყო არჩევნების დღეს ინციდენტების ცენტრის ფუნქციონირებაზე, საარჩევნო დავების პროცესის მართვასა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგზე.

ელენე ნიჟარაძემ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მიხეილ ბენიძე ჩაანაცვლა, რომელიც სამართლიან არჩევნებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. მიხეილ ბენიძე სამართლიან არჩევნებში კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას, ძირითადად, სოციალური მედიის მონიტორინგის მიმართულებით დაეხმარება.

კომენტარები