აშშ-რუსეთის ურთიერთობები

სენატში რუსული Nord Stream-ის საწინააღმდეგო სანქციების სამხედრო ბიუჯეტში შეტანას ითხოვენ

აშშ-ს სენატში რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის საწინააღმდეგო სანქციების ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტში შეტანას ითხოვენ. ინიციატივა ორპარტიულია და მას მხარს უჭერენ როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატებიც. 

გაზპრომის გაზსადენის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციების კანონპროექტი 2 ივნისს რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა წარმოადგინა. 

აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად, როგორც წესი, შემოდგომაზე, ან ზამთრის დასაწყისში გარანტირებულად მტკიცდება. 2020-2021 ფინანსური წლის ბიუჯეტში სანქციების კანონპროექტის შეტანა ზომების უფრო სწრაფად ამოქმედების საშუალებას იძლევა. 

იგივე ტაქტიკა აირჩიეს სენატორებმა გასულ წელსაც, როდესაც კანონპროექტი სამხედრო ბიუჯეტში შეიტანეს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა სანქციების პროექტს დეკემბერში მოაწერა ხელი. 

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება. 

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზია, რომელმაც 16 მაისს რამდენიმე კოლეგასთან ერთად საქართველოს მთავრობის არამეგობრული მოქმედებების შესახებ სპეციალური წერილით სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართა.

სანქციების ახალი პროექტის მიხედვით, Nord Stream 2-ის მშენებლობაში ჩართული ნებისმიერი პირი "დამანგრეველი და დაუყოვნებლივი ამერიკული სანქციების ობიექტი გახდება". 

ტედ კრუზის თქმით, გაზპრომის ახალი გაზსადენი ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ საფრთხეებს შეიცავს და მილსადენის მშენებლობა არ უნდა დასრულდეს. ტედ კრუზი ასევე ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი კონგრესის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას ცდილობს.

საკითხთან დაკავშირებით იმავე პოზიციას იზიარებს ნიუ-ჰემფშირის სენატორი, ჯინ შაჰინი, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის მოადგილეა. ბოლო თვეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში რამდენიმე კრიტიკული წერილის ავტორები არიან. 

ჯინ შაჰინის თქმით, მილსადენი უკრაინისა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას ემუქრება და პროექტის დასრულება რუსეთს აშშ-ს ევროპელი მოკავშირეების ექსპლუატირების საშუალებას მისცემს. 

ჯინ შაჰინმა კონგრესმენებს მოუწოდა, კიდევ ერთხელ მიიღონ მკვეთრი ზომები და წინ აღუდგნენ გაზსადენის მშენებლობას. 

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში, გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებდა. 

გაზსადენის პროექტი ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები