ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 ახალი ინფიცირებულიდან 1 სატვირთოს მძღოლია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 2 ახალი შემთხვევიდან 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია - შემოტანილი შემთხვევაა.

ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში სტაბილური სიტუაციაა, - "დაახლოებით ორი კვირაა უკვე ზომიერი სტაბილიზაცია გვაქვს, დღეში 2-3-ზე მეტი არ არის ახალი შემთხვევა და გუშინაც მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. გამოჯანმრთელებულების ციფრი 3-ით გაიზარდა". – ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისივეცნობით, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. დღეს, 30 ივნისს, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი ინფიცირებულებიდან ერთერთი მოათავსეს.

"შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა თავისი რუტინული კვლევებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენ სხვა პაციენტებშიც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და სიტუაცია მართვადია". – ამბობსინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

30 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, გარდაცვლილია – 15.

კომენტარები