ფრენების აღდგენა

თურნავა: რეგულარული ფრენების მესამედი რომ დაგვეშვა, იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირთან რეგულარული ფრენების აღდგენაზე ილაპარაკა.

მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა გაეხანგრძლივებინა "იმ პერიოდში, როცა ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული".

როგორც ნათია თურნავა ამბობს, მთავრობას რომ რეგულარული ფრენების ერთი მესამედი დაეშვა, რაც კვირაში დაახლოებით ორას ფრენას გულისხმობს, "ეს იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება".

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, რეგულარული ფრენების აღდგენამდე იზრდება ჩარტერული რეისების რაოდენობა.

"დღეიდან ექვსი ივლისის ჩათვლით, ყოველდღე გვაქვს საერთაშორისო ჩარტერული ფრენა". – თქვა ნათია თურნავამ.

25 ივნისს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ, შესაძლო იყო, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელებულიყო. იმავე დღეს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ამის პარალელურად ევროკავშირმა გამოაქვეყნა თოთხმეტი ქვეყნის სია, რომლებსაც პირველი ივლისიდან უხსნის საზღვარს. სიაში მოხვდა საქართველოც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები