ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბოლო სამი კვირის განმავლობაში COVID 19 სატვირთოს 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა

იმედი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასულ ორ-სამ კვირაში სატვირთო მანქანის 30-მდე მძღოლს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

გაყრელიძის ცნობით, ყოველდღიურად, დაახლოებით, 400-მდე სატვირთო მანქანის მძღოლს უტარდება გამოკვლევა.

"მოგეხსენებათ, ტრაილერების მძღოლები არიან ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ერთერთი მთავარი წყარო შემოტანილი ინფექციის. დღემდე PCR ტექნოლოგიით დადასტურებულია 30-მდე სატვირთოს მძღოლი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ.". – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ცნობით, დღემდე, 30 ივნისამდე, ჩატარებულია სულ 11 000 PCR ტესტი – "ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი, როგორც ანტიგენზე, ისე ანტისხეულზე დამყარებული. PCR, როგორც მოგეხსენებათ, ოქროს სტანდარტი, ჩვენ ერთ მილიონ მოსახლეობაზე თითქმის უკვე 30 000 ტესტზე ვართ ასული, რაც არ არის ცუდი მაჩვენებლი". – თქვა გამყრელიძემ კანცელარიაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

30 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი. ამ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი, გარდაცვლილია – 15.

კომენტარები