ჰუბერტ კნირში

გრიგოლ ვაშაძე: ჩემი მეგობარი ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტი და მეგობარია

facebook.com/pg/GregoryVashadze.Ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ კნირშთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

გრიგოლ ვაშაძე ჰუბერტ კნირშს თავის მეგობარს უწოდებს და ამბობს, რომ "როდესაც მეგობარს არბიტრად იწვევ დავაში, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ შენს მეგობარს და უკვე არბიტრს საკუთარი აზრი ექნება ყველა საკითხზე და მოთმენითა და ტაქტით უნდა მოისმინო მისი აზრი".

გრიგოლ ვაშაძის თქმით, თავად ჰუბერტ კნირშთან ბევრ საკითხზე უკამათია, მათ შორის "2008 წლის რუსეთის დამანგრეველი სამხედრო აგრესიის გენეზისზე, დასაწყისზე, მიმდინარეობაზე, ა. შ.".

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანახმად, გერმანიის ელჩი "წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ერთ-ერთი უზარმაზარი როლი ითამაშა დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნებაში, რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს, ასოცირების შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციაში".

შესაბამისად, მისი თქმით, "როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ელჩზე, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელზე და არა პიროვნებაზე, იმიტომ, რომ ეს ადამიანი სახელმწიფოს წარმოადგენს".

"უნდა გვახსოვდეს, როდესაც ადამიანი საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათი დასაშვები არის, მაგრამ არის ტაქტის, პროტოკოლის ზღვარი, რომელიც ყოველთვის უნდა დავიცვათ. ჰუბერტ კნირში ამ ქვეყნის პატრიოტი არის და ჩვენი მეგობარი". – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის გამონათქვამები ქართულ პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით საკამათო ბოლო პერიოდში გახდა, მას შემდეგ, რაც ჰუბერტ კნირშმა თქვა, რომ რომ გიორგი რურუასა და მისი გათავისუფლების ნაწილი 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამ განცხადებამ “საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ ტყუილსა და მანიპულაციებს, რომლებსაც ახორციელებდნენ ბოკერიას პარტია და მიხეილ სააკაშვილი”. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, კნირში “თარგმანში დაკარგულს ჰგავს” და უთანაგრძნობს “ამ გაუგებრობისა და შარის გამო, რომელშიც თვითონ გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია”.

გარდა ამისა, გერმანიის ელჩის აზრით, 2008 წელს საქართველომ რუსეთი ძალიან ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა და საბაბი მისცა, ამით ესარგებლა.

იქამდე კი ჰუბერტ კნირში არასამთავრობო ორგანიზაციებს კიცხავდა ქსენოფობი ქართველი პოლიტიკოსის მხარდასაჭერად. საქმე ეხებოდა გაეროსადმი  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე არ უნდა აირჩიონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად. NGO-ების შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის კვალიფიკაცია, რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას. ჰუბერტ კნირშმა კი წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული".

29 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გაავრცელა განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის მიმართ "ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით". როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გმობს "გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის, წინააღმდეგ".

კომენტარები