გენდერული კვოტები

სიაში ყოველი მე-4 იყოს განსხვავებული სქესის - გენდერული კვოტები საარჩევნო კანონპროექტში

პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 იყოს განსხვავებული სქესის – საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა. მისი თქმით, ცვლილებათა პაკეტი ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ასახავს.

"კანონპროექტით დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები: ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად უნდა იყოს მითითებული განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს რეგულაცია მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის.

2028 წლიდან ამოქმედდება ყოველი მესამე სავალდებულო კვოტა.

თვითმმართველობის არჩევნებზე გენდერული კვოტა – სიაში ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ალტერნატიული წინადადება წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს, რომ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სიაში ყველი მესამე ადამიანი იყოს განსხვავებული სქესის.

ბესელიას თქმით, უთანასწორობის აღმოსაფხვრელად მეტი გამბედაობა და პოლიტიკური ნებააა საჭირო.

"უთანასწორობა ყველა მოწვევის პარლამენტს ეტყობა, ამიტომ მგონია, შესაძლებელია, ეს პრობლემა ცოტა უკეთ მოვაწესრიგოთ ამ ცვლილებებით. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, რომ იქ, სადაც წერია, რომ სიაში ყოველი მე-4 უნდა იყოს განსხვავებული წესის, ჩაიწეროს, რომ 3 კანდიდატს შორის ერთი მაინც იყოს ქალი".

საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავენ, რამდენიმე წელია, გენდერული კვოტების შემოღებას ითხოვენ.

საკანონდებლო ინიციატივას ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი ეწინააღმდეგება და და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, მის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები