ოჯახში და ქალზე ძალადობა

"საკმაოდ სერიოზული დამწვრობა აქვს" – ქაშიბაძე ქალზე, რომლის დაწვაც კაცმა სცადა

გუგა ქაშიბაძე.

თბილისში, ახალგაზრდა ქალს კაცმა ბენზინი გადაასხა და მისი დაწვა სცადა. ქალი დამწვრობის ცენტრში დღეს დილით გადაიყვანეს.

როგორც ტაბულას დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ უთხრა, ახალგაზრდა 23 წლისაა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, თუმცა, როგორც ქაშიბაძე განმარტავს, პაციენტის დიაგნოზი საშიშია და დამწვრობის ხარისხიც საკმაოდ სერიოზულია.

"ორივე ქვედა კიდური ცირკულარულად აქვს დამწვარი, სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად. მეორე, მესამე, ან მესამე "ბ" ხარისხის დამწვრობაა, მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში". – ამბობს ტაბულასთან საუბარში გუგა ქაშიბაძე.

შსს-ს ცნობით, 1996 წელს დაბადებული პირი (შ.გ.) უკვე დაკავებულია. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

უწყების ცნობით, შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც დაზარალებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები