საარჩევნო კოდექსი

ბოკერია საარჩევნო კოდექსზე: სიგნალი, რომ ოცნება რამეს გონივრულად განიხილავს, არ გვაქვს

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნების გუნდისგან მათ არ მიუღიათ სიგნალი, რომ მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსის ცვლილებას გონივრულად განიხილავს. 

სწორედ ამიტომ, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია ამ ეტაპზე განხილვებში მონაწილეობას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ რამდენიმე წინადადება საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ ვმონაწილეობდით დისკუსიაში და რამდენიმე ძალიან კონკრეტული წინადადება გვაქვს, გამომდინარე საერთაშორისო რეკომენდაციებიდან, რომლებიც შეამცირებდა, ან შეამცირებს დაძაბულობას, ზეწოლის რისკებსა და უკეთეს ატმოსფეროს შექმნის". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატს ამის მაგალითად საარჩევნო უბნების გარშემო გარკვეულ პერიმეტრებზე შეკრებების შეზღუდვა მიაჩნია, მითუმეტეს, პანდემიის გათვალისწინებით. 

"[საარჩევნო უბნებზე] ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა, მერე უკონტროლო ვითარებაა ხოლმე იმის გამო, როგორც იქცევა ქართული ოცნება, მოჰყავს ხოლმე კრიმინალები და ა.შ.". – ამბობს დეპუტატი. 

გიგა ბოკერიას თქმით, ჯერჯერობით ამ თუ სხვა საქმიან შეთავაზებებზე ქართული ოცნების მხრიდან უარყოფითი სიგნალია. 

"თუ გონს მოეგებიან და გაითვალისწინებენ ამ წინადადებებს, ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება. თუ არ გაითვალისწინებენ, ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ და მათი არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეს დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდება შემდეგი არჩევნებისთვის". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

კითხვაზე, ჩაერთვებიან თუ არა საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მიღებაში, გიგა ბოკერია პასუხობს: 

"უბრალოდ დროს ხომ არ გავფლანგავთ? ფუნდამენტური სიგნალი ივანიშვილის გუნდიდან, რომ რამეს გონივრულად იხილავენ, არ გვაქვს და არ არის ეს ის ვითარება, რომ რაღაც სპექტაკლში მივიღოთ მონაწილეობა, თუ ვერ ვხედავთ, რომ რაღაც იძვრება ქვეყნისთვის სასიკეთოდ. თუ დაიძვრება, ვნახოთ".

საარჩევნო სისტემის ცვლილებებების მესამე მოსმენის შემდეგ ქართული ოცნების გუნდმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზეც დაიწყო მუშაობა. ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, მედიაკამპანიას და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ამასთან, საუბარია გენდერული კვოტებისა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზეც. მმართველი გუნდი გამოდის ინიციატივით, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 ქალი იყოს. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები