ცესკო

პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 25 000-ის ნაცვლად 5 000 ხელმოწერა დასჭირდებათ

ცესკო

არაკვალიფიციურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არა 25 000, არამედ 5 000 ხელმოწერის შეგროვება დასჭირდებათ. 

ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, ცვლილებები პარლამენტმა 29 ივნისს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად მიიღო. 

ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, შეიცვლება ისიც, თუ რომელი პარტიებისთვისაა სავალდებულო მხარდამჭერთა სიის წარდგენა. 

ცვლილებების მიხედვით, მხარდამჭერთა სიის ცესკოში წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან: 

  • ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია;
  • ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთერთ არჩევნებში პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო;
  • აგრეთვე, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა, ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 000 ხმა მაინც მიიღო. 

ცესკო პოლიტიკურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მისაღებად პარტიების ხელმძღვანელებმა ცესკოს 15 ივლისამდე უნდა მიმართონ. 

ამ დროისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მხარდამჭერთა ხელმოწერებს ექვსი პოლიტიკური გაერთიანება აგროვებს. ცესკომ მათ უკვე მიაწოდა ინფორმაცია ცვლილებების შესახებ. 

კომენტარები