რეგულარული ფრენები

გახარია ევროკავშირის სიაზე: ახლა უშუალოდ წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ კონსულტაციებს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება ევროკავშირის მიერ საქართველოს "უსაფრთხო ქვეყნების სიაში" შეყვანას და წერს, რომ ეს ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარებაა იმ წარმატების, რაც საქართველოს აქვს. 

"ახლა უკვე ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა". – დაწერა პრემიერმა გახარიამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

პრემიერმინისტრმა ევროკავშირის საბჭოს რეკომენდებული ქვეყნების სიაში საქართველოს ჩასმისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, არ უთქვამს, რატომ არ იხსნება ევროკავშირთან საზღვრები პირველი ივლისიდან, როგორც ეს თავდაპირველად იყო ნათქვამი. 

30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებისთვისაც პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს. უსაფრთხო ქვეყნების სია სულ 15 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის საქართველოს. ამ 15 ქვეყნიდან განსხვავებულია ჩინეთის შემთხვევა, რომელთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიხსნება საზღვრები, თუკი პეკინიც ანალოგიურად მოიქცევა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ამ სიიდან სურვილისამებრ ამოიღონ ის ქვეყნები, რომელთანაც საზღვრების გახსნა ამ ეტაპზე არ სურთ. ასე მოიქცა უკვე ჩეხეთი, რომელმაც 15 რეკომენდებული ქვეყნიდან თავის სიაში მხოლოდ 8 დატოვა, სადაც საქართველო ვერ მოხვდა.  

25 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ბილეთების ყიდვისაგან თავი შეიკავონ.

ამ დრომდე მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ევროკავშირის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტს ელოდებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 30 ივნისს თქვა, რომ საჰაერო ფრენებზე მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისი იქნებოდა. 

კომენტარები