ევროპული საქართველო

ბოკერია ელისაშვილზე: ვინც კოალიციური მთავრობის იდეას ურტყამს, ივანიშვილის საქმეს აკეთებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პასუხობს პლატფორმა მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბრალდებას, რომელმაც თქვა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ გიგა ბოკერია და მისი პარტია ქართულ ოცნებას კოალიციას შეუქმნის. 

ტაბულასთან საუბარში გიგა ბოკერია ამბობს, რომ როდესაც ადამიანი ასეთ ბრალდებას და ტალახს ისვრის, მან უნდა დაასაბუთოს, თუ რაზე დაყრდნობით აკეთებს ამას. 

"ჩვენი, ევროპული საქართველოს პრეტენზიები ელისაშვილის მიმართ ფაქტებს ეყრდნობა. მან მთაწმინდის არჩევნებში, შეთანხმების მიუხედავად, შალვა შავგულიძეს მხარი არ დაუჭირა, რითიც დე-ფაქტოდ მხარი დაუჭირა მთავრობის კანდიდატს, ლადო კახაძეს. 

ახლაც, ჯერ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მერე ორი ადგილი მოითხოვა და რომ ვერ მიიღო თავისი ადგილი იმ კანდიდატისთვის, რომელსაც შალვა შავგულიძეზე 6-ჯერ ნაკლები ხმა ჰქონდა მიღებული ერთსა და იმავე არჩევნებში, თავს დაესხა ოპოზიციის მიერ კოორდინაციის მთელ იდეას, რაც აწყობს [ბიძინა] ივანიშვილის პროპაგანდას". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატი ასევე ეხმაურება იმ ფაქტსაც, რომ ალეკო ელისაშვილი პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას, ვისთან ერთად შეკრავს კოალიციას პარლამენტში მოხვედრის შემდეგ და ამბობს, რომ ვისთან ერთადაც ისურვებდა კოალიციაში ყოფნას, იმ ადამიანების დიდი ნაწილი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. 

"ახლა იძახის, კოალიციაში იმ ხალხთან ერთად არ შევალ, ვინც არ მომწონსო და, აბა, როგორ უნდა დაამარცხოს ივანიშვილი? 50%-ზე მეტს მიიღებს? ეს ხომ სრული სისულელეა. კოალიციას ქმნი იმ ხალხთან, ვისაც არ ეთანხმები და ხანდახან ძალიანაც არ ეთანხმები". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის შეფასებით, გზავნილი, რომ ოპოზიციას არც შეთანხმება შეუძლია და ვერც კოალიციას შეკრავენ, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტული კამპანიის ერთერთი ნაწილია. 

"ივანიშვილის პროპაგანდის კამპანიის ერთერთი ნაწილია, რომ ქაოსი იქნება, რომ ერთპიროვნული მმართველობა ან ერთი გუნდის მიერ მმართველობა თუ არ იქნება, სხვა ალტერნატივა თურმე არ არის. 

ქართული საზოგადოება ასე არ თვლის. ქართულ საზოგადოებას იმიტომ უნდა პროპორციული არჩევნები, რომ უნდა გაწონასწორებული მთავრობა, მათ შორის იგულისხმება კოალიციური მთავრობაც. ყველა, ვინც ამ იდეას ურტყამს და იმიზეზებს იმას, რომ ვიღაც ძალიან არ მოსწონს, რეალურად აკეთებს ივანიშვილის საქმეს. ჩვენი პრეტენზიები და ბრალდებები ელისაშვილის მიმართ ეყრდნობა ფაქტებს და მის ნაბიჯებს და არა ტალახის სროლას, რომ მე უბრალოდ დაგაბრალებ რაღაცას". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში თქვა, რომ ის გამორიცხავს ქართულ ოცნებასთან კოალიციაში შესვლას და მისი აზრით, მმართველ გუნდთან კოალიციაში გიგა ბოკერია შევა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები