ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონის დამრღვევებს, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაემუქროთ

0 კომენტარი
ჰონგ-კონგი. 2019 წელი. ფოტო: Vox

ჩინეთმა 30 ივნისს ჰონგ-კონგის ეროვნული კანონი მიიღო, რასაც სი ძინფინგმა უკვე ხელი მოაწერა.

ახალი კანონის დეტალები მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გასაჯაროვდა.

სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება სულ მცირე 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი სამუდამო პატიმრობით დაისჯება.

ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა, ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. 

პეკინი ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისს გახსნის, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. 

ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნა შეეძლება, იუსტიციის მინისტრს შეუძლია გადაწყვიტოს, ნაფიცი მსაჯულები უნდა იყვნენ თუ არა. 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებირივი გასაჩივრება შეუძლებელი იქნება.

ჩინეთის პრემიერი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კანონს აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ის ქალაქის ავტონომიას ძირს გამოუთხრის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი ჰონგ-კონგის თავისუფლებების შეზღუდვაზე პასუხისმგებელ ჩინელ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. 19 ივნისს, პომპეოს თქმით, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტია ჰონგ-კონგს ექცევა ისე, როგორც ჩინურ ქალაქს, აშშ-ც ასე მოიქცევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰონგ-კონგს აშშ-სთან ყველა არსებული პრივილეგია გაუუქმდება.

25 ივნისს აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა ჰონგ-კონგის ავტონომიის კანონპროექტს. მისი საბოლოოდ მიღების შემთხვევაში იმ პირებს ან კომპანიებს, რომლებიც ჰონგ-კონგის ავტონომიას პეკინის პოლიტიკის მხარდაჭერით ეწინააღმდეგებიან, სანქციებს დაუწესებენ. კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს ბანკებისთვისაც, რომლებიც საქმეს იჭერენ იმათთან, ვისაც წვლილი მიუძღვის ქალაქის ავტონომიის განადგურებაში.

აღსანიშნავია, რომ ხვალ, პირველ ივლისს 23 წელი გავა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა იმ პირობით, რომ იმოქმედებდა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობები. ამ თარიღს დემოკრატიის მომხრეები ჩვეულებრივ მასშტაბური აქციები აღნიშნავენ ხოლმე, თუმცა, მიმდინარე წელს ახალი კანონების გამო ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ე. წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები