კრიმინალი

შსს: გორში პოლიციელის მკვლელობისთვის მისი მდგმური, უცხო ქვეყნის მოქალაქე დავაკავეთ

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის მისი მდგმური დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, დ. ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

სამართალდამცველებმა პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ. დ. გორში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ. ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ. ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს". – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები