კორონავირუსი აშშ-ში

აშშ-მ რემდისივირის მსოფლიო მარაგი შეიძინა

Reuters

აშშ-მ წამალ რემდისივირის მომავალი სამი თვის მსოფლიო მარაგი შეიძინა. აშშ-ს ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რემდისივირი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დროს ამცირებს. აშშ-მ რემდისივირის გამოყენება პირველი მაისიდან დაუშვა.

რემდისივირს კომპანია Gilead-ი აწარმოებს. ის თავდაპირველად ებოლას მკურნალობისთვის შეიქმნა, თუმცა არაეფექტური იყო ამ დაავადების წინააღმდეგ. კომპანია Gilead-ი რემდისივირის წარმოების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

წამლის 140 000 დოზა, რომელიც მსოფლიოს მაშტაბით ქვეყნებისთვის Covid-19-ის მკურნალობისთვის საცდელად იყო მიწოდებული, ამოიწურა. ტრამპის ადმინისტრაციამ წამლის 500 000 დოზაზე მეტი შეიძინა. რაც ივლისისთვის Gilead-ის წარმოების მთლიან მარაგს, ხოლო აგვისტო-სექტემბრის მარაგის 90%-ს შეადგენს. შედეგად მომავალი სამი თვის მანძილზე რემდისივირი დანარჩენი მსოფლიოსთვის მიუწვდომელი იქნება.

“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია იმისთვის, რომ ამერიკელებს წვდომა ჰქონდეთ COVID-19-ის პირველ ლიცენზირებულ მედიკამენტზე. ჩვენ გვსურს, რომ ნებისმიერმა ამერიკელმა, რომელსაც დასჭირდება რემდისივირი, შეძლოს მისი მიღება. ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეტი გავიგოთ რემდისივირის სამკურნალო თვისებებზე და უზუნველვყოთ ამერიკელი ხალხისთვის მედიკამენტზე წვდომა”. – განაცხადა აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სამინისტროს მდივანმა, ალექს აზარმა.  

რემდისივირის მსოფლიო მარაგის შესყიდვა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მ პანდემიასთან ბრძოლაში "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" მიდგომა აირჩია. აპრილში პირბადეების კონფისკაციის გამო გერმანიამ აშშ "მეკობრეობაში" დაადანაშაულა. ბერლინის ადგილობრივი მთავრობის თქმით, მათ მიერ ამერიკული კომპანიისათვის შკვეთილი 200 000 პირბადის კონფისკაცია, რომელიც ქალაქ ბანგკოკში იყო და გასაგზავნად ამზადებდნენ, აშშ-მ განახორციელა და ისინი, სავარაუდოდ, აშშ-ში გაგზავნეს. 

კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ყველას ინტერესებშია პანდემიასთან ერთიანი ძალებით ბრძოლა და აშშ-ს ნაბიჯებს, შესაძლოა, პარტნიორებთან ურთიერთობაში გაუთვალისწინებელი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

რეალურად არ არსებობს ბერკეტები, რომლებიც აშშ-ს ხელს შეუშლის უფრო მეტი გადაიხადოს Covid-19-ის საწინააღმდეგო რესურსებში და, პირველ რიგში, საკუთარი ჯანდაცვის სისტემა გააძლიეროს. 

აშშ-ში ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 47 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დადასტურებული შემთხვებების საერთო რაოდენობამ კი 2.7 მილიონს გადააჭარბა. 

“ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ.  თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, არ გამიკვირდება, რომ დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდოს”. – განაცხადა აშშ-ის ალერგიური და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

კომენტარები