ევროპული საქართველო

ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ქართული ოცნება დატოვა და ევროპული საქართველოს წევრი გახდა

ბათუმელები

ბათუმის საკრებულოს წევრმა, თემურ კახიძემ ქართული ოცნება დატოვა და ევროპული საქართველოს წევრი გახდა. კახიძემ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

ის ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღეს, 1 ივლისს ბრიფინგზე წარადგინა.

"იმ გუნდში, სადაც ვიყავი, ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი იქ, სადაც წავედი? – ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცაზე ვაჭრობს. ვერავინ იტყვის ქართული ოცნებიდან, რომ მომავალზე საუბარი მქონდა. მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ მათ არ ვეთანხმებოდი". – თქვა კახიძემ.

ამ ბრიფინგამდე ქართული ოცნების აჭარის ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ თემურ კახიძე გარიცხულია პარტია ქართული ოცნებიდან და შესაბამისად, გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით.

კომენტარები