ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ჯო ბაიდენი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აღარ გამართავს

GETTY IMAGES

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის გამო საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს აღარ გამართავს.

“ვფიქრობ, თანამედროვე ისტორიაში, ეს ყველაზე უჩვეულო საპრეზიდენტო კამპანიაა”. – განაცხადა ბაიდენმა დელავერში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პანდემიის გამო ჯო ბაიდენმა შეამცირა თავისი საჯარო გამოსვლების რაოდენობა და სატელევიზიო ინტერვიუებში მონაწილეობას თავის სარდაფში მოწყობილი სტუდიიდან იღებს.

ჯო ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პანდემიასთან არაეფექტური ბრძოლის გამო.

ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეკრების შემდეგ მისი კამპანიის გუნდის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. პანდემიის დროს შეკრების ჩატარების გამო დონალდ ტრამპი მოწინააღმდეგეებმა გააკრიტიკეს. შეკრებაზე მოსალოდნელზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა. ტრამპის კამპანიას მომავალი შეკრებები ჯერ არ დაუანონსებია. 

New York Time-ისა და Siena Collage-ის ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჯო ბაიდენს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შედარებით ორნიშნა უპირატესობა აქვს.

აშშ-ში ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 47 000 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 2.7 მილიონს გადააჭარბა.

კომენტარები