ნიკოლოზ ბასილაშვილი

PHR: ნიკოლოზ ბასილაშვილმა შემაკავებელი ორდერები არ გაასაჩივრა

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ჩოგბურთელის ოჯახმა მათზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერები არ გაასაჩივრეს.

კერძოდ:

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

2020 წლის 8 ივნისს, 9 საათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა გასაჩივრებული ორდერი ძალაში დატოვა, რადგან დარწმუნდა, რომ ოჯახში ძალადობა ჩადენილია და ორდერები გამოწერილია შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

PHR საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოჯახში ძალადობის დადასტურების შესახებ, ნიკოლოზ ბასილაშვილს და მის ოჯახის წევრებს სააპელაციო სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ. ორგანიზაციის აზრით, ეს, სავარაუდოდ, გულისხმობს იმას, რომ თავად მხარეებიც დაეთანხმნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მათი ქმედება შეფასებულია ძალადობად.

ჩოგბურთელი, საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბასილშვილმა გირაო გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

კომენტარები