სექსუალური შევიწროება

ომბუდსმენი: კარანტინში მყოფი ქალი ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა

jogja.tribunnews.com

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ექიმმა კარანტინში მყოფი ქალი სექსუალურად შეავიწროვა.

"ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა.

საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით – სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა". – წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, ომბუდსმენმა ექიმს რეკომენდაციით მიმართა, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგსა და ჯანნდაცვის სამინისტროს მოუწოდა, გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.  

საქმის შესწავლა ომბუდსმენმა 2020 წლის 30 მარტს დაიწყო, მოგვიანებით კი განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით საფარი ჩაერთო. 

კომენტარები