აშშ-გერმანია

ტრამპმა გერმანიიდან აშშ-ს ჯარისკაცების რიცხვის შემცირების გეგმა დაამტკიცა

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გერმანიიდან აშშ-ს 9 500 ჯარისკაცის გამოყვანის გეგმა დაამტკიცა. ამჟამად გერმანიაში 34 500 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის სპიკერმა 30 ივლისს განაცხადა

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, მაიკ ესპერმა პრეზიდენტს გეგმა 29 ივლისს წარუდგინა. პენტაგონის სპიკერის, ჯონთან ჰოფმანის თქმით, ეს ნაბიჯი გაზრდის რუსეთის შეკავებას და ნატო-ს გააძლიერებს. 

ჯარისკაცთა გადაადგილებაზე დეტალები ჯერ არ გამჟღავნებულა.

29 ივნისს აშშ-ს სენატორებმა, მათ შორის, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდზი გრეჰემმა და მარკო რუბიომ, 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ხარჯების კანონმდებლობაში წარადგინეს შესწორება, რაც მიზნად ისახავს გერმანიიდან ჯარების გამოყვანისთვის დაფინანსების შეჩერებას მანამ, სანამ თავდაცვის მდივანი არ დაამტკიცებს ანგარიშს, რითაც გარანტიას გასცემს, რომ ჯარების უკან დახევა აშშ-ს უსაფრთხოებასა და მის მოკავშირეებს საფრთხეს არ შეუქმნის.

პენტაგონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ თუ გერმანიაში მათი რიცხვი შემცირდება, ჯარების ნაწილი, შესაძლოა, აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გადასხას, ზოგი გრძელვადიანი პერიოდით, ზოგი კი მოკლევადიანი როტაციებისთვის, რათა მოსკოვს მესიჯი გაუგზავნონ.

გასულ კვირას პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ვაშინგტონს ეწვია და ტრამპს შეხვდა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამერიკელ ჯარისკაცთა ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გაგზავნონ.

15 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის გერმანიაში აშშ-ს სამხედროების რიცხვის 25 000-მდე შემცირებას აპირებს. მანამდე, 5 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პენტაგონს გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანა უბრძანა. გეგმის შესაძლო ამოქმედებამდე ეს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ გერმანია NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში 1%-ს იხდის, მაშინ როდესაც 2%-ს უნდა იხდიდეს და 2%-ც ძალიან ცოტაა – "ამაზე მეტი უნდა იყოს".

ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ამერიკის წამყვანი სამხედრო ოფიცრის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალი მარკ მილის რამდენიმეთვიანი  მუშაობის შედეგია და ამას საერთო არაფერი აქვს ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის არსებულ დაძაბულობასთან.

ოფიციალურმა პირმა ადმინისტრაციიდან აღნიშნა, რომ 9 500 ჯარისკაცს სხვა ადგილას გადაიყვანენ – ზოგს პოლონეთში, ნაწილს – სხვა მოკავშირე ქვეყნებში, ზოგი კი შინ დაბრუნდება. 

მისივე თქმით, აშშ-ის ლიდერობით NATO-ს სამხედრო ალიანსის ჯამურად გაზრდილი თავდაცვის ხარჯების გამო გერმანიაში ძალიან დიდი კონტინგენტის ყოლა აღარ არის საჭირო.

ამ დროისათვის გერმანია ევროპაში ყველაზე მეტ ამერიკელ სამხედროს მასპინძლობს. მას მოსდევენ იტალია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი.

ცნობებს უკვე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი. ის იმედოვნებს, რომ ზოგ ამერიკელ ჯარისკაცს პოლონეთში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი NATO-სთვის დაფინანსების შემცირებას აპირებს. ის სხვა წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რათა მათ თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაზარდონ. 

2019 წლის ნოემბერში გერმანიის თავდაცვის მინსტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევს:

"2024 წლამდე ჩვენ უნდა დავხარჯოთ [მშპ-ის] 1.5% და საბოლოოდ, 2031 წლამდე 2%". 

ამჟამად NATO-ს წევრი მხოლოდ 7 ქვეყანა აკმაყოფილებს თავდაცვის სამიზნე მინიმალურ 2%-იან კონტრიბუციას. ეს ქვეყნებია: აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ჯამში, ყველა ევროპული ქვეყანა ალიანსში თავდაცვისთვის ხარჯავს 1.51%-ს.

გერმანიას ევროპასა და NATO-ში აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. გერმანია ამჟამად NATO-ში მშპ-ის 1.23%-ს ხარჯავს, რაც დაახლოებით 50 მილიარდი აშშ დოლარია.

2018 წლის ივლისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთი თავდაცვისთვის NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ:

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის. უნდა დაიწყოთ ფულის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს".

ამას გარდა, მან განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია. 

"რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ". – მიმართა ტრამპა სტოლტენბერგს.

5 ივნისს სენატში რუსული გაზსადენის Nord Stream-ისთვის სანქციების ახალი პროექტი დაარეგისტრირეს.

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება.

კომენტარები