ირანი

ირანში ჟურნალისტ რუჰოლა ზამს სიკვდილი მიუსაჯეს

რუჰოლა ზამი
Associated Press

ირანში განხეთქილების დასაწყებად სამესიჯო აპლიკაციის გამოყენებაში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი დაადანაშაულეს. ჟურნალისტი “საზოგადოების გარყვნაში” დამნაშავედ სცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მას განაჩენის გასაჩივრება შეუძლია.

რუჰოლა ზამი გასულ წელს დააპატიმრეს. ის საფრანგეთში გადასახლებაში ცხოვრობდა.  უცნობია, როგორ მოახერხა ირანმა ზამის დაკავება. მას საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა მიღებული. 

ისლამური რევოლუციის მცველების კორპუსის განცხადებით, გასულ წელს მათ გამოყენეს “თანამედროვე სადაზვერვო მეთოდები და ინოვაციური ტაქტიკები”, რამაც საშუალება მისცათ “მოეტყუებინათ” უცხოური სამსახურები და ზამი დაეპატიმრებინათ

ზამი Amadnews-ის ვებ-გვერდს ხელმძღვანელობდა. Amadnews-ი პოპულარული ანტი-სამთავრობო ფორუმია, რომელსაც ირანი 2017-2018 წლის აქციების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. საინფორმაციო ვებგვერდს 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს Telegram-ზე. Amadnews-მა 2017-2018 წლების აქციების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა. რის შემდეგაც ის ირანის მთავრობამ დაბლოკა.

2017-2018 წლებში ირანში აშშ-ს მიერ 2015 წელს მოხსნილი ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესებას პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 28 დეკემბერს ირანის ქალაქ მეშჰედში გამოსვლები დაიწყო. პროტესტი მალე სხვა დიდ ქალაქებშიც გავრცელდა. მომიტინგეები ეკონომიკურ სტაგნაციას და რეგიონში ირანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ერთი კვირის მანძილზე პოლიციასთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.

კომენტარები