ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დააკავეს 200-მდე მომიტინგე.
აქცია ბრიტანეთისაგან ჩინეთისათვის ჰონგ-კონგის გადაცემის 23-ე წლისთავზე გაიმართა. მომიტინგეები ჩინეთის მიერ მიღებულ უშიშროების კანონებს აპროტესტებდნენ, რომელიც ქალაქის ავტონომიას ამცირებს.
პირველ ივლისს პოლიციამ ახალი კანონები უკვე გამოიყენა ადამიანების დაკავების საფუძვლად.
ახალი კანონებით სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება სულ მცირე 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა, ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.
კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისს გახსნის, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნა შეეძლება, იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.
გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.
ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.
ვრცლად უშიშროების ახალი კანონებისა და ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.