ჰონგ-კონგი

ბრიტანეთი ჰონგ-კონგელებისთვის საიმიგრაციო უფლებებს აფართოებს

ბორის ჯონსონი
Reuters

ჰონგ-კონგის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონის ამოქმედების დღეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანული პასპორტის მქონე პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგში ცხოვრობენ, შეეძლებათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობაზე განაცხადონ.

3 ივნისს ჯონსონმა დააანონსა, რომ თუ ჩინეთი ჰონგ-კონგში კანონს აამოქმედებს, ბრიტანეთი ემიგრაციის წესებს შეცვლის.

მისი თქმით, ჰონგ-კონგის საბაზისო თავისუფლებების შეზღუდვის ფონზე, ის ჰონგ-კონგის მოქალაქეების გვერდით დგას და უერთგულებს მათთან დადებულ პირობას.

ჰონგ-კონგისთვის ბრიტანეთის ეროვნული ზღვისიქითა პასპორტების მქონე პირებს გაერთიანებულ სამეფოში 6 თვით უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, მათ მეტ საიმიგრაციო უფლებებს მისცემენ.

ჯონსონის თქმით, აღნიშნული პასპორტის მქონე ჰონგ-კონგელებს გაერთიანებულ სამეფოში შეზღუდული დროით დარჩენა შეეძლებათ "გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრების, მუშაობისა და მოქალაქეობაზე განცხადების შესაძლებლობით".

ბრიტანეთის საგარეო მდივანის, დომინიკ რააბის თქმით, შეზღუდული დროის ხანგრძლივობა 5 წელი იქნება. 5 წლის შემდეგ მათ ბინადრობის აღების შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო დამატებითი 12 თვის შემდეგ – მოქალაქეობის.

მსგავს პასპორტს 350 000 ჰონგ-კონგელი ფლობს. დამატებით 2.6 მილიონ ჰონგ-კონგელს ამ პასპორტის აღება შეუძლია.

ჰონგ-კონგში 7.4 მლნ პირი ცხოვრობს.

დომინიკ რააბმა, თქვა, რომ ჩინეთის ნაბიჯი ძალიან სამწუხაროა და ბრიტანეთი დიდი შვიდეულის ქვეყნებთან იმუშავებს, რათა პეკინზე წნეხი გაზარდოს და ხელახლა დაფიქრდეს.

ამას გარდა, 1 ივლისს ტაივანმა ჰონგ-კონგიდან წამოსულთათვის და ასევე თავშესაფრის მაძიებელი ჰონგ-კონგელებისთვის ორგანიზაცია გახსნა. 

ჰონგ-კონგში 1ივლისს პოლიციამ ახალი კანონები უკვე გამოიყენა ადამიანების დაკავების საფუძვლად.

ახალი კანონებით სეცესიის, მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება სულ მცირე 3-წლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა, ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კანონის დამრღვევებს საჯარო სამსახურებში მუშაობა აეკრძალებათ. პეკინი ჰონგ-კონგში უშიშროების ოფისს გახსნის, სადაც საკუთარი სამართალდამცავები ეყოლება. ჰონგ-კონგის მმართველს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებზე მოსამართლეების დანიშვნა შეეძლება, იუსტიციის მინისტრი გადაწყვეტს, უნდა იყვნენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი გასაჩივრება შეუძლებელი გახდება. ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

ჩინეთი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ვრცლად უშიშროების ახალი კანონებისა და ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები