რუსეთი

რუსეთის ცესკომ რეფერენდუმის წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადა

TASS

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უბნების დახურვამდე საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რაც კანონის დარღვევაა.

რუსეთის ცესკოს მიხედვით რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა მიიღო. დათვლილია ხმათა 1%, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ცვლილებებს მხარს 74.54% უჭერს, ხოლო წინააღმდეგია 24.3%.

კანონით არჩევნების წინასწარი შედეგების უბნების დახურვამდე გამოცხადება იკრძალება, რის გამოც დამკვირვებლებმა ცესკო გააკრიტიკეს.

რეფორმის ოპონენტების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი მიხედვით ცვლილებებს მოსკოვში ამომრჩეველთა 51% უჭერს მხარს, სანქტ-პეტერბურგში კი 44%.

რეფერენდუმი გასულ კვირას დაიწყო და დღეს დასრულდება. მასში მონაწილეობის მიღების წასახალისებლად კრემლმა პირველი ივლისი დასვენების დღეს გამოაცხადა და ამომრჩევლებისთვის პრიზები დააწესა, მათ შორის გათამაშდა მანქანები და ბინები.

მონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფმა Golos განაცხადა, რომ ასობით საჩივარი მიუვიდათ დარღვევების თაობაზე, მათ შორის დამსაქმებლის მხრიდან ზეწოლისა და ერთი და იმავე ამომრჩევლის მიერ ხმის ერთზე მეტჯერ მიცემის ფაქტებზე.

შეგახსენებთ, რომ პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით მართოს.

კომენტარები