საზოგადოებრივი მაუწყებელი

მდინარაძე: მძინარაშვილის მოწინააღმდეგეებიც გვიტევენ და აბაშიძისაც, ე. ი. სწორად მოვიქეცით

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა ბონდო მძინარაშვილი კრემლის პროპაგანდისტი, პასუხობს, რომ "წარმოდგენა არ აქვს და არც აინტერესებს, ვინ ვინ არის".

მდინარაძე ერთ-ერთია ქართული ოცნების დეპუტატებს შორის, ვინც პრურუსული და ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეულ მძინარაშვილის კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა.

"მე მხარი დავუჭირე ორივე კანდიდატს, რომელიც იყო პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარმოდგენილი. კანდიდატებს, რომლებიც პარლამენტში ფრაქციებმა წარმოადგინეს. მხარი ასევე დავუჭირეთ ზაზა აბაშიძეს, რომელიც ევროპული საქართველოს ფრაქციის კანდიდატი იყო. ახლა ერთი მხრიდან თქვენ გვიტევთ, მეორე მხრიდან ისინი გვიტევენ. არც ერთს არ მოგწონთ, ხმა ვის მივეცით, ე. ი. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. პასუხისმგებლობა იმათია – ერთ შემთხვევაში ევროპული საქართველოსი, მეორე შემთხვევაში – პატრიოტთა ალიანსის". – თქვა მდინარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ასევე შეირჩნენ ფლანგვის დეტექტორის დამფუძნებელი, ზაზა აბაშიძე და ფილოლოგი გია მურღულია. აბაშიძე 2019 წლის ზაფხულში მოძრაობა სირცხვილიას საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.

მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის აბაშიძის კანდიდატურაც მიუღებელია. თუმცა, გადაწყვეტილება სიმპათიების მიხედვით არ მიუღიათ.

"თქვენ მოგწონთ აბაშიძის განცხადებები? რა მნიშვნელობა აქვს, ბონდო მძინარაშვილი იქნება პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი, რომელიც აშკარად არის პრორუსული შეხედულებების პარტია, თუ ზაზა აბაშიძე, რომელიც კრიმინალური პარტიის მხარდამჭერია და იმ პარტიამ წარადგინა, რომელსაც გიორგი რურუა ჰყავს გალიდერებული". – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.

ტაბულას კითხვაზე, სვამს თუ არა ტოლობის ნიშანს ბონდო მძინარაშვილის პრურუსულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ზაზა აბაშიძის კრიტიკას შორის, მდინარაძე პასუხობს, რომ "მათი განცხადებები ერთი და იგივე არ არის – ერთიც ცუდია და მეორეც".

"მაგრამ არც ერთის განცხადებები არ ვიცი ზუსტად და არც – მეორესი. მე ვიცი, ვინ წარმოადგინა ისინი: პატრიოტთა ალიანსმა და ევროპულმა საქართველომ. სახელებს და გვარებს საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. საქმე კვოტებშია. ირმა ინაშვილი პარლამენტის ვიცე-სპიკერია, მიუხედავად იმისა, მე მომწონს თუ არა ინაშვილის ვიცე-სპიკერობა და მძინარაშვილი მისი კვოტაა. მომწონს თუ არა სერგი კაპანაძის ვიცე-სპიკერობა, ის ვიცე-სპიკერია და აბაშიძე მისი კვოტაა.

კანონი უნდა აღასრულო და მის წარმომადგენელს უნდა დაუჭირო მხარი. არც ის მომწონდა, პატრიოტთა ალიანსის კვოტას რომ ვუჭერდი მხარს და არც ის მხიბლავდა, რომ ევროპული საქართველოს წარმოდგენილ კანდიდატს რომ მივეცი ხმა". – თქვა მდინარაძემ.

დღეს, 1 ივლისს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 ახალი წევრი დაამტკიცა: ბონდო მძინარიშვილი, გია მურღულია და ზაზა აბაშიძე;

ბონდო მძინარაშვილი პატრიოტთა ალიანსის ტელევიზია ობიექტივის წამყვანია. ის პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა.

მძინარაშვილის კანდიდატურას მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის ქართული ოცნების ლიდერებმა: მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და სხვებმა.

კომენტარები